ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენები

ვარიკოზული ვენების სიმპტომატიკა,დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გაინტერესებთ რა სიმპტომები ახასიათებს ვარიკოზულ ვენებს? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით მოგვიყვება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, ანგიოქირურგი ბატონი ზაზა კევლიშვილი.

– რა უწყობს ხელს ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადების განვითარებას?
ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული დაავადება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ზედაპირული ვენების პათოლოგიური გაფართოებით, რაც იწვევს ვენებში არსებული სარქველების უკმარისობა.

– რამდენად არის აღნიშნული დაავადება სქესთან და ასაკთან შეჭიდული და რომელი ასაკობრივი ჯგუფის პრობლემაა ძირითადად?
ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება ძირითადად არის მდედრობითი სქესის პრობლემა და რაც საყურადღებოა, შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. თუ წლების წინ ძირითადად გვხვდებოდნენ პაციენტები 40 წლის ზემოთ, ბოლო პერიოდში არც თუ იშვიათია 25-35 წლის პაციენტები.

– რა არის ამ დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზები და რისკ-ფაქტორები?
მეცნიერების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ გენეტიკური ფაქტორი არის აღნიშნული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი მიზეზები და რისკ ფაქტორები მაინც დაკავშირებული არის ადამიანის ცხოვრების წესთან, კერძოდ:

  • ჭარბი წონა
  • ქვემო კიდურების ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა
  • მკვეთრად მოჭერილი ტანსაცმელი
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • ფეხმძიმობა
  • ქვემო კიდურებზე გადატანილი ქირურგიული ოპერაციები და ტრავმები
  • ხანგრძლივად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ხმარება

– როგორია სიმპტომები?
ქვემო კიდურების ვარიკოზული დაავადება, როგორც წესი ვითარდება ნელა და თანდათანობით. დაავადების ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს შემდეგი სიმპტომები:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
  • ქვემო კიდურების ადვილად დაღლა
  • წვისა და კრუნჩხვების შეგრძნება ქვემო კიდურებში
  • პერიოდულად ყრუ ტკივილები
  • შეშუპება ტერფებისა და კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში, რომელიც ძლიერდება დღის ბოლოს.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად ხდება ვარიკოზულად შეცვლილი კანქვეშა ვენების ზომაში მომატება და შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:

  • კანის საფარველის ინდურაცია და ჰიპერპიგმენტაცია
  • ტროფიკული წყლულების წარმოქმნა, რომლებიც ხშირად რთულდება მეორადი ინფექციებით.
  • და რაც ყველაზე ყურადსაღებია, არადროული არაკვალიფიციური მკურნალობის ფონზე შეიძლება მწვავედ განვითარდეს თრომბოზი ან თრომბოფლებიტი. პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი და ქვემო კიდურების მკვეთრი შეშუპება. თრომბის ფილტვებში მიგრაციის შემთხვევაში კი ვითარდება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

– როგორ ხდება აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკა?
ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია ქვემო კიდურების ვენების დუპლექს-სკანირება.

– როგორია მკურნალობის მეთოდები ?
კონსერვატიული, რაც ითვალისწინებს მედიკამენტოზურ თერაპიას, კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას და ადგილობრივად შესაზელი საშუალებების გამოყენებას.
ქირურგიული: ა) ფლებექტომია - ვარიკოზულად შეცვლილი კანქვეშა ვენისა და მისი შენაკადების „ამოღება“ (სტრიპინგი); ბ) ენდოვაზალური ლაზერული კოაგულაცია - სპეციალური აპარატის მეშვეობით ვარიკოზულად შეცვლილი ვენის „დაწვა“; გ) სკლეროთერაპია - სპეციალური ნივთიერების შეყვანა ვენის სანათურში.
თითოეულ ამ მეთოდს აქვს თავისი ჩვენებები და უკუჩვენებები, რომლების დგინდება პაციენტის ექიმთან ვიზიტის დროს და რის საფუძველზეც ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩევა.

– როგორია ვარიკოზული დაავადების პროფილაქტიკა?

  • ეცადეთ თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას.
  • კონტრასტული შხაპის მიღება - თბილი და გრილი წყლის მონაცვლეობა.
  • არ შეიძლება დიდხანს ჯდომა.
  • წონის კონტროლი.
  • თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა.
  • ეცადეთ ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, მოკლე წინდები მჭიდრო რეზინით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები