ინფექციური ენდოკარდიტი

ინფექციური ენდოკარდიტი

ინფექციური ენდოკარდიტი, სიმპტომატიკა,დიაგნოსტირება,მკურნალობა და პრევენცია.

გაინტერესებთ რა პრევენცია არსებობს ინფექციური ენდოკარდიტის დროს? რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია დიაგნოსტირება? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის უმცროსი ექიმი ანა ლიპარტელიანი.

– რა არის ინფექციური ენდოკარდიტი?
ინფექციური ენდოკარდიტი წარმოადგენს გულის ამომფენი შრის (ენდოკარდიუმის) და გულის სარქვლების ინფექციურ დაავადებას. დაავადებას იწვევს გამომწვევი, რომელიც ხვდება სისხლში და მიიტანება უკვე დაზიანებულ გულის სარქველთან. მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი იწყება უეცრად, აღინიშნება ზოგადი ინფექციურ-ტოქსიკური მოვლენები: ცხელება, შემცივნება, გულისცემის გახშირება, უჰაერობა, ოფლიანობა, ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება; გულის სარქველების სწრაფი და მძიმე დაზიანება. მოგვიანებით ფაზაში ინფექციურ ენდოკარდიტს სისტემური მიმდინარეობა ახასიათებს, რომლის დროსაც ზიანდება სხვადასხვა ორგანო და სისტემა (სისხლძარღვები, თირკმელები, ღვიძლი, ელენთა, ნერვული სისტემა). ამ ფაზაში ორგანიზმში ვითარდება რთული იმუნოკომპლექსური, აუტოაგრესიული რეაქციები.
ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფექციური ენდოკარდიტი ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, მაგრამ ასაკოვან მამაკაცებში ენდოკარდიტით ავადობის მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ასაკოვანი ქალების მონაცემებს. შემთხვევათა ერთ მეოთხედში ენდოკარდიტი ვითარდება 60 წელზე მეტი ასაკის პირებში.
„ ინფექციურ ენდოკარდიტში“ იგულისხმება ენდოკარდიუმის და გულის სარქვლოვანი აპარატის ნებისმიერი ინფექციური გენეზის (ბაქტერიული, სოკოვანი და რიკეტსიული) დაზიანება. დაავადების ინფექციური ბუნება დასტურდება იმით, რომ ამ დაავადების დროს გულის სარქვლოვან აპარატზე, სისხლსა და თრომბებში პოულობენ მის გამომწვევ მიკრობს. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს სტერპტოკოკმა, სტაფილოკოკმა, გრამუარყოფითმა ბაქტერიებმა, სოკოებმა; აუტოინფექციის გამომწვევი აგენტები ყოველთვის არიან ორგანიზმში, მაგრამ თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტის საშუალებით ორგანიზმი ადაპტირებულია მათდამი. სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორის ზეგავლენის პირობებში ისინი ვირულენტური ხდებიან და ინფექციური პროცესის რეალიზაციას იწვევენ.
განასხვავებენ ორი ფორმის ინფექციურ ენდოკარდიტს. მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი , რომელიც ვითარდება უეცრად, ხასიათდება სწრაფი მიმდინარეობით და შესაძლოა რამდენიმე დღეში სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა განვითარდეს და ქვემწვავე ენდოკარდიტი, რომელსაც უფრო ნელი მიმდინარეობა ახასიათებს (კვირეები და თვეები).
ინფექცია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს, ნებისმიერი სისტემის პათოლოგიის დროს (სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, საშარდე გზებიდან, კანიდან, ლორწოვანი გარსებიდან და სხვ.); ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები (დაბინძურებული ნემსის, შპრიცის ან წამლის გამოყენებისას ბაქტერია შეიძლება პირდაპირ სისხლში მოხვდეს); ბოლო წლებში კარდიოქირურგიის განვითარებასთან ერთად გახშირდა ე.წ ნოზოკომიალური (სტაციონარული) ინფექციით გამოწვეული ბაქტერული ენდოკარდიტი. დაავადების განვითარების ყველაზე მაღალი რისკი ოპერაციის შემდგომ პირველ წელს აღინიშნება, შემდგომში რისკი თანდათან მცირდება, თუმცა ჯანმრთელ პირებთან შედარებით მცირედ მომატებული რჩება. გაურკვეველი მიზეზების გამო, ენდოკარდიტის განვითარების რისკი ყოველთვის უფრო მაღალია ხელოვნური აორტული სარქვლის არსებობისას, ვიდრე ხელოვნური მიტრალური სარქვლის შემთხვევაში; რისკი ასევე უფრო მაღალია ხელოვნური მექანიკური სარქვლის არსებობისას, ვიდრე ბიოლოგიური (ცხოველური) წარმოშობის სარქვლის იმპლანტის დროს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ასაკის პირებისა და ბავშვებისთვის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს თანდაყოლილი მანკები, განსაკუთრებით ისეთი დეფექტი, რომელიც სისხლს გულის ერთი საკნიდან მეორეში გაჟონვის საშუალებას აძლევს. ხანდაზმული პაციენტებისთვის რისკს წარმოადგენს სარქველების დეგენერაციული ცვლილებები, კალციუმის ჩანართების განვითარება მიტრალურ და აორტულ სარქველზე. ასევე მნიშვნელოვანია ბავშვობაში გადატანილი რევმატიული ცხელება (რევმატიზმი), რომელმაც გულის დაზიანება გამოიწვია; თუმცა რევმატიული ცხელება აღარ წარმოადგენს დიდ საშიშროებას იმ ქვეყნებში, სადაც ანტიბიოტიკები ფართოდ არის ხელმისაწვდომი. საშიშროება იმ შემთხვევაში რჩება, თუ ჩატარებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შედეგი ვერ გამოიღო. უფრო გასაგებად და მოკლედ რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ეს დაავადება განვითარდეს, მისი აუცილებელი წინაპირობაა გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება და ენდოკარდიუმის რეაქტიულობის შეცვლა ანუ ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ დაავადება განვითარდა მეორადად-გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანების ფონზე, თუმცა შეიძლება, მისი განვითარება მოხდეს პირველადად-ინტაქტურ სარქველებზე, თუმცა ამ დროსაც ენდოკარდიუმის რეაქტიულობა წინასწარ შეცვლილია; დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმ გარეგან და შინაგან ფაქტორებს, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის რეაქტიულობას და აქვეითებენ მის დაცვით იმუნობიოლოგიურ ძალას (შრომისა და ყოფა-ცხოვრების მძიმე პირობები, გადატანილი დაავადებები, ინტოქსიკაციები, ოპერაცია, ორსულობა, მშობიარობა, აბორტი, სტრესორული ფაქტორები და სხვ). დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმ ალერგიულ პროცესებს და წინასწარ სენსიბილიზაციას, რომლებიც ინფექციის მიმდინარეობის პროცესში წარმოიქმნებიან.
ნორმალურ პირობებში სისხლში ბაქტერიები არ უნდა არსებობდეს, თუმცა კანის, პირის ღრუს ამომფენი გარსის და ღრძილების დაზიანებამ (რომელიც ღეჭვის და კბილების გახეხვის დროსაც კი შეიძლება განვითარდეს), შეიძლება ბაქტერიების სისხლში მოხვედრა გამოიწვიოს. ასევე სისხლში ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს ინფექციური გინგივიტის (ღრძილების ანთება), მცირე ზომის კანის ინფექციის და სხეულის რომელიმე ნაწილის ინფექციის დროს. სისხლში ბაქტერიის გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს ქირურგიულმა, სტომატოლოგიურმა და სხვა სამედიცინო პროცედურებმაც; იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება, რომ ბაქტერია პირდაპირ გულში მოხვდეს გულზე ღია ოპერაციის დროს. გარდა ამისა, ის თუ რატომ ვითარდება დაავადება უფრო ხშირად პათოლოგიური სარქვლების მქონე პირებში და იშვიათად ინტაქტური-დაუზიანებელი სარქრვლების მქონე ჯანმრთელ პირებში, მიზეზი ერთია: პაციენტებს, რომელთაც დაუზიანებელი გულის სარქველები აქვთ, სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და იმუნური სისტემა ებრძვის და ანადგურებს ბაქტერიებს, ხოლო პათოლოგიური სარქველების შემთხვევაში, ბაქტერია შეიძლება დაზიანებული სარქვლის ზედაპირზე გაიჭედოს და შემდეგ ენდოკარდიუმზე „დასახლდეს“ და გამრავლება დაიწყოს და როდესაც (სეფსისის დროს, რომელიც სისხლის მძიმე ინფექციას წარმოადგენს) სისხლში დიდი რაოდენობით ბაქტერიები მოხვდება და გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ვითარდება ენდოკარდიტი, მათ შორის ნორმალური სარქვლის მქონე პირებშიც. თუ ინფექციური ენდოკარდიტი ნარკოტიკული ნივთიერებების ვენაში ინექციის ან ვენის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენების გამო განვითარდა, ამ შემთხვევაში უმეტესად სამკარიანი სარქველი ზიანდება; სხვა შემთხვევებში მიტრალური ან აორტული სარქველი ინფიცირდება.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი ჩვეულებრივ უეცრად, მაღალი ცხელებით (39-40 გრადუსი), გულისცემის გახშირებით, დაღლილობით და სარქველების სწრაფი და მძიმე დაზიანებით იწყება. სარქველზე არსებული ბაქტერიებისა და სისხლის კოლტების შერეული მასა (ე.წ ვეგეტაციები), შეიძლება მოწყდეს, სისხლის ნაკადთან ერთად სხეულის სხვადასხვა ნაწილში მოხვდეს, გაიჭედოს და რომელიმე არტერიის სანათურის დახშობა გამოიწვიოს (ემბოლია), რასაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს: თავის ტვინში არტერიის დახშობის შედეგად ინსულტის განვითარება, ხოლო გულის მკვებავი (გვირგვინოვანი) არტერიების დაზიანებას კი ინფარქტის განვითარება. გარდა ამისა ემბოლიამ კონკრეტულად იმ უბნის ინფიცირება შეიძლება გამოიწვიოს, სადაც მისი ფიქსაცია მოხდება და საბოლოოდ ჩირქოვანი მასის დაგროვება ანუ აბსცესის ჩამოყალიბება გამოიწვიოს. რამდენიმე დღეში შეიძლება სარქველი იმდენად დაზიანდეს, რომ გაიხვრიტოს, რის შედეგადაც სარქვლების დახურვის მიუხედავად, დარჩენილი ხვრელიდან სისხლი უკუმიმართულებით დაიწყებს დინებას (ვითარდება რეგურგიტაცია); არის შემთხვევები, როცა პათოლოგიურ პროცესებს იმდენად ღრმა მიმდინარეობა ახასიათებს, რომ შეიძლება განვითარდეს შოკი; ამ დროს თირკმლები და სხვა ორგანოები წყვეტენ ფუნქციონირებას (ასეთ მდგომარეობას სეპტიკური შოკი ეწოდება). არტერიებში მიმდინარე ინფექციურმა პროცესებმა სისხლძარღვის კედელი იმდენად შეიძლება დააზიანოს, რომ გამოიწვიოს მისი გამოდრეკა ან გაგლეჯა (რუპტურა), რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თავის ტვინში ან გულთან ახლოს მდებარე სისხლძარღვში განვითარდა. ინფექციურ ენდოკარდიტს ზოგჯერ თან ახლავს გულის ელექტრული გამტარი სისტემის დაზიანება, რასაც გულისცემის შენელება მოჰყვება, რაც შეიძლება გართულდეს გონების უეცარი დაკარგვით და სიკვდილით დასრულდეს.

– როგორია დიაგნოსტირება?
რაც შეეხება მის დიაგნოსტირებას, იქიდან გამომდინარე, რომ სიმპტომების უმრავლესობა არასპეციფიკური და ზოგადია, მისი დიაგნოსტირება არც თუ ისე მარტივია; ბაქტერიული ენდოკარდიტის დიაგნოსტიკაში უმთავრესია გავითვალისწინოთ: 1) დაავადების ცხელებითი ტიპით მიმდინარეობა; 2) გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება; 3) თრომბო-ემბოლიური ფენომენის არსებობა; 4) ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების მონაცემები.
ექიმმა ყურადღება უნდა მიაქციოს ახლადგადატანილ ოპერაციების არსებობას, სტომატოლგიურ ან სხვა პროცედურებს, რომლებიც უახლოეს წარსულში აქვს ჩატარებული პაციენტს; ინტრავენური ნარკოდამოკიდებულება, ახლადაღმოცენებული გულის შუილი ან უკვე არსებულის ცვლილება; ამის გარდა დიაგნოზის დასასმელად ძირითადად ტარდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ბაქტერიის არსებობაზე; სისხლის ანალიზით შეიძლება დაავადების გამომწვევი ბაქტერიის გამოვლენა და შესაბამისი ანტიბიოტიკის შერჩვევა. ექოკარდიოგრაფია გულის დაზიანების სახისა და სარქველზე არსებული ვეგეტაციების დადგენის საშუალებას იძლევა. ძირითადად ტარდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (როდესაც ულტრაბგერითი გადამცემი მოთავსებულია მკერდზე); თუ ამ კვლევით სრული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, მაშინ ტარდება ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (პროცედურა, რომლის დროსაც ულტრაბგერითი გადამცემი ხახის გავლით თავსდება საყლაპავში, გულის უკან), ეს მეთოდი უფრო დეტალურ და ზუსტ სურათს იძლევა, მისი დახმარებით მცირე ზომის ბაქტერიული გროვის აღმოჩენაც შეიძლება, მაგრამ ეს კვლევა უფრო ინვაზიური და ძვირადღირებულია.

– როგორია მკურნალობა?
მკურნალობის გარეშე ინფექციური ენდოკარდიტი ფატალურად (სიკვდილით) მთავრდება. ჩატარებული მკურნალობის ფონზე ლეტალური გამოსავალი დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, ინფექციის ხანგრძლივობა, ხელოვნური სარქვლის არსებობა, ინფექციის გამომწვევის ორგანიზმის ტიპი; თუმცა თუ მოხდება აგრესიული ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის ჩატარება, ამ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ალბათობა დიდია.
მკურნალობის ხანგრძლივობა სულ მცირე 2 და ხშირად 8 კვირიან კურსს მოიცავს, რომელიც ანტიბიოტიკების მაღალი დოზების ინტრავენურ შეყვანას გულისხმობს. ანტიბიოტიკოთერაპია ძირითადად საავადმყოფოში იწყება, თუმცა შეიძლება ბინაზეც გაგრძელდეს მედ-პერსონალის მეთვალყურეობით.
ყოველთვის ანტიბიოტიკოთერაპია არ არის საკმარისი ამ დაავადების სამკურნალოდ, განსაკუთრებით თუ პაციენტს იმპლანტირებული აქვს მექანიკური სარქველი. ასეთ პაციენტებში, ბაქტერიები რომლებიც ენდოკარდიტს იწვევენ, რეზისტენტულნი არიან ანტიბიოტიკების მიმართ. მიზეზი არის ის, რომ თუ პაციენტს სარქვლის ჩანაცვლებითი ოპერაციის წინ საპროფილაქტიკოდ ანტიბიოტიკი ეძლევა და ამ დროს რომელიმე ბაქტერია გადარჩა და შემდეგ განვითარდა ენდოკარდიტი, ეს ბაქტერია რეზისტენტული იქნება ანტიბიოტიკის მიმართ. მედიკამენტური თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში ან თუ სარქვლიდან უკუმიმართულებით ბევრი სისხლი იჟონება, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. ოპერაციული მკურნალობა გულისხმობს დაზიანებული სარქვლის აღდგენას და გამოცვლას, ვეგეტაციების მოცილებას, აბსცესის დრენირებას მისი არსებობის შემთხვევაში. ამავე დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობა, რომლის მიზანია ამა თუ იმ ორგანოს და სისტემის ფუნქციური ნაკლოვანების კორეგირება.

– რა პრევენცია არსებობს?
ინფექციური ენდოკარდიტის პირველადი პრევენცია მიზნად ისახავს რევმატიზმისა და სხვა დაავადებების თავიდან აცილებას, რომლებიც გულის ორგანული მანკისა და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებას იწვევენ, რის შემდგომაც იქმნება ხელსაყრელი პირობები ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქრონიკული ტონზილიტის, სინუსიტის ფრონტიტის და სხვათა დროულ გამოვლინებას და ანტიბაქტერიულ მკურნალობას. პრევენცია აუცილებელია პაციენტებში, რომელთაც დადასტურებული აქვთ გულის სარქვლოვანი პათოლოგია, ხელოვნური სარქველი, თანდაყოლილი გულის მანკი. ასევე პროფილაქტიკა გულისხმობს გარკვეული ქირურგიული, სტომატოლოგიური და სამედიცინო პროცედურების წინ ანტიბიოტიკების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცედურებისას ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების რისკი დაბალია, და ანტიბიოტიკოთერაპია ამ შემთხვევაში უეფექტოა, ექიმები ითვალისწინებენ ენდოკარდიტის მძიმე შედეგებს და მაინც საჭიროდ მიიჩნევენ ჩარევის წინ ანტიბიოტიკების გამოყენებას.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მის. დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები