ქართულ–გერმანული პროექტი

ქართულ–გერმანული პროექტი

ქართულ –გერმანული პროექტი.

გაინტერესებთ თუ არა, რა სიახლეები დაინერგება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში? რა ქირურგიულ ოპერაციებს ჩაატარებენ ერთობლივი ქართულ-გერმანული პროექტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯუმბერ ფარცახაშვილი ქართველ და გერმანელ კოლეგებთან ერთად? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების მენეჯერი ქალბატონი თამარ ცირეკიძე.

– ქალბატონო თამარ, გვიამბეთ პროექტის შესახებ.
ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სპეციალური მოწვევით, დაიწყო ახალი ერთობლივი ქართულ-გერმანული პროექტი, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ემიგრანტი ქართველი ექიმი, გერმანიის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი, ვისცერული, ენდოკრინული და სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების უფროსი ექიმი - პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილი. პროექტის პირველი ეტაპი გულისხმობს ორი მიმართულების; ანგიო და ენდოკრინული, ქირურგიული და ამბულატორიული მომსახურების სრული სპექტრის, გერმანული სტანდარტის დანერგვასა და განვითარებას ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ბაზაზე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური სამედიცინო დანადგარებით და მაღალი სტანდარტის საოპეაციო ბლოკებით, რაშიც კლინიკის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით ავადობა მთელს მსოფლიოში ძალზედ მაღალია. ფარისებრი ჯირკვლის კიბო სტატისტიკურად მესამე ადგილს იკავებს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიაა და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, მეორე ადგილზეა დიაბეტის შემდეგ, რომლითაც წელიწადში 65 მლნ. ადამიანი ავადდება. ამ მხრივ საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სტატისტიკა საგანგაშოა.

საქართველოს მოსახლეობის, აღნიშნული პათოლოგიით ავადობის მაღალმა მაჩვენებელმა და ასევე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოვლენისათვის არსებულმა სკრინინგ ცენტრებმა კიდევ უფრო გაზარდა მომართვიანობა კლინიკებსა და სხვადასხვა პროფილურ ცენტრებში ქირურგიული მკურნალობის მიზნით. აგრეთვე მაღალია სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მქონე პაციენტთა მომართვიანობა, რომელთაც ესაჭიროებათ სხვადასხვა ტიპის, როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა; საძილე არტერიების სტენოზები და ოკლუზიები, აორტის ანევრიზმები, ვენური და არტერიული პათოლოგიები და სხვა, რომელთა მკურნალობაც მაღალტექნოლოგიური ბაზისა და უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალების ჩართვას მოითხოვს.

ერთობლივი ქართულ-გერმანული პროექტის ფორმატში დაგეგმილია; როგორც ენდოკრინული, ისე ანგიო-ქირურგიული ოპერაციები როგორც ღია ქირურგიული წესით, ისე ენდო-ვასკულური მიდგომით. ოპერაციებს ჩაატარებენ პროექტის ხელმძღვანელი, ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ანგიო-ქირურგი პროფ. ჯუმბერ ფარცახაშვილი და გერმანელი კოლეგა პროფ. იორგ უკატი, რომელთა ერთობლივი ვიზიტები ხშირი პერიოდულობით განხორციელდება.
23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში პირველად ქართულ ანგიო-ქირურგიაში კაროტიდული ენდარტერექტომიები ჩატარდება ნეირომონიტორინგით, რაც პაციენტებში ინტრაოპერაციული ინსულტების პრევენციის საიმედო მეთოდია და წარმოადგენს ინოვაციას.

ფარისებრი ჯირკვლის, პარათიროიდული ჯირკვლების და თირკმელზედა ჯირკვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციებს ჩაატარებს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი ბაკურ არაბული, რომელსაც მიღებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გერმანიისა და ავსტრიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში. სექტემბერში დაგეგმილია ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ექსპერტის პროფ. რიკ შნაიდერის ვიზიტი. ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი ბაკურ არაბული და პროფესორი რიკ შნაიდერი ერთობლივად ჩაატარებენ ოპერაციებს ფარისებრი ჯირკვლის პირველადი და მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებთან კომპარტმენტზე ორიენტირებული მიკროდისექციის მეთოდით.

პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობის ქვეშ შესაძლებელია დაინერგოს ინოვაციური ტიპის ოპერაციები სხვა ენდოკრინულ პათოლოგიებზე, რომლებიც ამ დრომდე საქართველოში არ ტარდება.
აღნიშნული პროექტი მოწვეული უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობის ქვეშ მოიაზრებს არა მარტო ღია წესით ოპერაციებს, არამედ ენდოსკოპიური ტიპის ოპერაციებს ფარისებრ ჯირკვალზე.
ამგვარი მეთოდით ოპერირება ენდოსკოპიური მანიპულაციების და ფარისებრ ჯირკვლზე ოპერაციული ტექნიკის სრულყოფილ ცოდნას, ასევე დამზოგველ ინსტრუმენტებს და მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს მოითხოვს, რასაც კლინიკის გამართული ინფრაქტრუქტურა სჭირდება.

ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია რიგი ქირურგიული პათოლოგიების შემთხვევებში გარდა: გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეებისა, კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანებისა, და ფარისებრ ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნის ზომის გათვალისწინებით, რომელიც არ აღემატება 4 სმ-ს.

თირეოტოქსიკოზების და ქრონიკული თირეოიდიტების (ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებების შემთხვევაში) ენდოსკოპიური ოპერაციების უპირატესობაა პაციენტის სწრაფი რეაბილიტაცია და ნაწიბურის არ არსებობა სხეულის ზედაპირზე.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების ღია და ენდოსკოპიური წესით ოპერაციების გარდა, პროექტი მოიაზრებს ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი კვანძოვანი წარმონაქმნების მინი ინვაზიური მკურნალობის მეთოდებს: როგორიცაა ფარ. ჯირკვლის ცისტური კვანძების სკლეროდესტრუქცია (ანესთეზიის და განაკვეთის გარეშე, ექოსკოპიის კონტროლის ქვეშ ხდება სკლეროზანტის (ეთანოლი) შეყვანა და კვანძის სკლეროზირება, პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და პაციენტი არ საჭიროებს პოსტოპერაციულად ჰორმონალურ შენაცვლებით თერაპიას. აღნიშნული მკურნალობის მეთოდი ტარდება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ცისტისა და სითხოვანი კომპონენტის სიჭარბის დროს და სულ რამოდენიმე პროცედურაში არიდებს პაციენტს შესაძლო ოპერაციას. ასევე შესაძლებელია ჩატარდეს ფარ. ჯირკვლის კეთილთვისებიანი შენების წარმონაქმნების ლაზერული თერმოაბლაცია.
ამგვარად უცხოელი ექსპერტების ხელმძღვანელობის ქვეშ დანერგილი და გაერთიანებული ფარ. ჯირკვლის პათოლოგიების ქირუგიული მკურნალობის ღია, ენდოსკოპიური და მცირეინვაზიური მეთოდების ერთობლიობა იძლევა საშუალებას ერთ სივრცეში განხორციელდეს ყველა ტიპის ქირურგიული მკურნალობა პაციენტებისათვის სასურველი და კონკრეტული დიაგნოზით, ჩვენების მიხედვით მისაღები მეთოდით .

– კონკრეტულად რა სახის ქირურგიაზე გვაქვს საუბარი?
ენდოკრინული ქირურგია:
ფარისებრი ჯირკვლის და პარათიროიდული ჯირკვლების ქირურგია (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები)
თირკმელზედა ჯირკვლების ქირურგია
კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
კვანძოვანი და მრავალკვანძოვანი ჩიყვი
ტოქსიური ჩიყვი
ფარისებრი ჯირკვლის ადენომა
ფარისებრი ჯირკვლის კიბო (კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების დროს, როგორც მაღალდიფერენცირებული (პაპილური, ფოლიკულური), ასევე დაბალდიფერენცირებული (მედულური) სიმსივნეები).
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტებთან თირეოიდექტომიები და დაგეგმილი ლიმფოდისექციები ჩატარდება მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან მიდგომით (საქართველოში ამ ტიპის ოპერაციები დღემდე ყურიდან კისრის წინა ზედაპირზე განაკვეთით ტარდება, რაც ართულებს პაციენტის პოსტ-ოპერაციულ რეაბილიტაციის პროცესს და ტოვებს საკმაოდ დიდი ზომის ნაწიბურს და ამასთან ერთად ხშირია განმეორებითი ოპერაციები სიმსივნური ნარჩენის ამოკვეთის მიზნით).

– რა უპირატესობები აქვს ასეთ ქირურგიულ მეთოდს?
ეს არის ღია წესით ოპერაცია ფარისებრი ჯირკვლის მეტასტაზური კიბოს დროს.
ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების და კისრის ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების დროს დაგეგმილი თირეოიდექტომიები და ლიმფოდისექციები (მაღალდიფერენცირებული პაპილური, ფოლიკულური დაბალდიფერენცირებული, მედულური) ტარდება მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან მიდგომით, რაც აადვილებს პაციენტის პოსტ-ოპერაციულ რეაბილიტაციას და ამავე დროს მიიღება მაქსიმალური კოსმეტიური ეფექტი) დაბალდიფერენცირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (მედულური კარცინომა) ბილატერალური ლიმფოდისექციები ტარდება ერთ მომენტად, რაც პაციენტს არიდებს განმეორებით ოპერაციებს. მეთოდი გულისხმობს კისრის ყველა კომპარტმენტში მეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთას ინდივიდუალური სქემით და მიკროდისექციის მეთოდით, რომელიც ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის კათედრაზე შემუშავდა და წარმატებითაა დანერგილი გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, პოლონეთის, ისრაელისა და ა.შ.შ-ს კლინიკებში. ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტარდება ინტრაოპერაციული უწყვეტი ნეირომონიტორინგით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციების მსვლელობის დროს განხორციედეს ხორხის შებრუნებული ნერვისა და ხორხის ზედა ნერვის გარეთა ტოტის მონიტორინგი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ზემოაღნიშნული ნერვების დაზიანებით გამოწვეულ დამბლებს, რომელთა კლინიკური გამოვლინებაა; სუნთქვის გაძნელება, ხმის, მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციის მოშლა ან სრული დაკარგვა.

აღნიშნული პროექტი საქართველოსა და კავკასიის მასშტაბით ქმნის პრეცენდენტს ენდოკრინული ქირურგიული სექტორის მოდელის სახით, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სწორი და სრული დიაგნოსტიკის ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობის მრავალი მეთოდის, პრე, ინტრა და პოსტ ოპერაციული სეგმენტების ერთობლიობას.
განხორციელებული პროექტი გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებისა და განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მართვის სისტემის შექმნას მომიჯნავე სპეციალობის ექიმების მჭიდრო ჩართულობით (ბორდი; ქირურგები, ენდოკრინოლოგები, რადიოლოგები, კლინიკური ონკოლოგები, ციტოლოგები, პათმორფოლოგები, ბირთვული მედიცინის სპეციალისტები და სხვა).

ამგვარად, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სხვა და სხვა ენდოკრინოლოგიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობა ეძლევათ საშუალება ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ იმ ხარისხის სერვისი, რომელსაც იღებენ საზღვარგარეთ დაზოგონ ფინანსური სახსრები და მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ყველა ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით.

– ქალბატონო თამარ რა არის პროექტის მიზანი?
პროექტის მიზანია საქართველოში და შემდგომ კავკასიის მასშტაბით ევროპული სტანდარტის, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურეობის დანერგვა, განვითარება და აღნიშნული სამედიცინო სერვისების სპექტრის გაფართოება კლინიკის ბაზაზე.
ქართველი და უცხოელი პაციენტებისათვის ინოვაციური, მულტიპროფილური, ხარჯთეფექტური, მობილური, ყველა სამედიცინო მომსახურეობის პაკეტების მიწოდება საერთაშორისო გაიდლაინებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით ქვეყნიდან გაუსვლელად.

კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი გულისხმობს ევროპიდან, გერმანიიდან და სხვა მოწინავე ქვეყნებიდან ქართველი ემიგრანტი ექიმების და უცხოელი ექსპერტების, ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ქირურგების, ასევე საჭიროებისამებრ საშუალო და სხვა სამედიცინო პერსონალის მოწვევას საქართველოში, ადგილობრივი პაციენტებისათვის ქირურგიული და სხვა სამედიცინო მომსახურეობის მოწოდების მიზნით, ასევე ქართველი კოლეგებისათვის გერმანული და სხვა ქვეყნების გამოცდილების, როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების, პაციენტთა კომპლექსური დიაგნოსტიკის, პრე, ინტრა და პოსტ ოპერაციული სისტემური მართვისა და მონიტორინგის გამოცდილების, გაზიარებისა და დანერგვის, ასევე ახალგაზრდა ექიმ-სპეციალისტების და მომავალი პროფესიული კადრების მომზადების მიზნით გერმანიის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემდგომი სტაჟირებით, აგრეთვე სამეცნიერო საქმიანობასა და სხვადასხვა მიმართულების, გერმანული სტანდარტების ქირურგიული სკოლების დაფუძნების და ქართულ და გერმანულ საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე. მის. დიმიტრი უზნაძის 103

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები