კანის კიბო

კანის კიბო

კანის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გაინტერესებთ რამდენი სახის კანის კიბო არსებობს? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ციტოლოგი, მედიცინის დოქტორი დალი თუშიშვილი.

– კანის რომელი ონკოლოგიური დაავადებები არსებობს?
არსებობს კანის მრავალი ავთვისებიანი დაავადება , როგორც ეპითელური ასევე არაეპითელური წარმოშობის თუმცა დღეს ვისაუბრებთ მეტად გავრცელებულ კანის ონკოლოგიურ დაავადებებზე. არის ფონური დაავადებებიც რომელიც შესაძლებელია წინ უსწრებდეს კანის გადაგვარებას ანუ მალიგნიზაციას.
კანის ონკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე მეტად არის გავრცელებული სამი ტიპის ავთვისებიანი კანის დაავადებები. ეს არის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ბაზალურუჯრედოვანი კიბო და ყველაზე უფრო აგრესიული და რთული დაავადება მელანომა.

– რა არის საყურადღებო და რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?
როდესაც ხალი იცვლის შეფერილობას, ხდება არაერთგვაროვანი, მისი კიდეები, კონტურები არის დაკბილული, სისხლმდენია, როდესაც მკაფიოდ იცვლის ფერს და მუქდება ეს მელანინის ჭარბ შემცველობაზე მიუთითებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

– რა პრევენცია არსებობს როდესაც ადამიანს რომელიმე ხალი არ მოსწონს?
პირველ რიგში პაციენტმა უნდა მიმართოს კლინიცისტს, რომელიც გააგზავნის მას დიაგნოსტიკაზე .

– როგორია დიაგნოსტირება?
არის დიაგნოსტირების რამოდენიმე მეთოდი. ერთერთი ყველაზე მეტად მიღებული და ზუსტი მეთოდია წინასწარი ციტოლოგიური კვლევა. კეთდება ანაფხეკის ან ანაბეჭდის აღება, შემდეგ გადადის მინაზე, ხდება მისი შეღებვა დამუშავება და შემდგომ მიკროსკოპირება. იმის მიხედვით თუ როგორი დიაგნოზია კლინიცისტი გეგმავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.

– მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია, შესაძლოა საჭირო იყოს რადიკალური ჩარევა, ოპერაციული, კრიოქირურგიული, ელექტროდანით , ძალზედ ეფექტურია რადიოტალღოვანი სკალპელი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

– როგორ ვლინდება კანის კიბო?
ბრტყელუჯრედოვანი კიბო ვითარდება კანზე, შესაძლოა იყოს დაწყლულებული , ჰქონდეს ვარდისფერი შეფერილობა. გარდა ამისა არსებობს კიდევ მრავალი სიმპტომი.

– რა სიმპტომები ახასიათებს?
კანის ბრტყელუჯრედოვან კიბოს ახასიათებს მეტასტაზირება.

– რომელია კანის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა?
ყველაზე გავრცელებული კანის კიბოს ფორმაა ბაზალურუჯრედოვანი კიბო. ადრე მას შუალედურ დაავადებად მიიჩნევდნენ. ის არ მიეკუთვნება არც ავთვისებიან და არც კეთილთვისებიან კიბოს.გამომდინარე იქედან რომ მას არ ახასიათებს მეტასტაზირება სხვა ორგანოებში,მაგრამ შესაძლოა იგი გავრცელდეს კანის სხვა მიდამოებზე, ასევე ახასიათებს რეციდივირება,კანის დესტრუქცია, ეგზოფიტური და ენდიფიტური ზრდა.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა ზაფხულის პერიოდში, რადგანაც აქტიურდება მზის სხივების ზემოქმედება.

– კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნებიდან რომელია ყველაზე გავრცელებული ფორმა?
ადამიანის სხეულზე ყველზე ხშირად ჩნდება: პაპილომები, პიგმენტური პაპილომები, ნევუსები, კერატომები, ანგიომები, დერმატოფიბრომები და ა.შ. ანთებითი ფორმებიდან ხშირად გვხვდება ათერომები.
ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნები არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას , მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან მდებარეობს ისეთ ადგილას რომელიც ხშირად ღიზიანდება ან რაიმე ტრავმის შედეგად მოიგლიჯა, სისხლმდენია, ამ შემთხვევაში საყურადღებოა და აუცილებელია მიმართონ ექიმს. შეიძლება პრევენციის მიზნითაც მოხდეს ამა თუ იმ წარმონაქმნის მოცილება თუ ის მდებარეობს ისეთ ადგილას რომელიც მუდმივად ფიზიკურ გაღიზიანებას განიცდის. როდესაც ხალის, ნევუსის ან რომელიმე კანის წარმონაქმნის დიაგნოსტირების დროს დგინდება რომ აღინიშნება პროლიფერაცია (ანუ მზარდობა ) დისპლაზია (ანუ უჯრედებში აღინიშნება ატიპიური ცვლილებები ) რათქმაუნდა ამ შემთხვევაში საჭიროა წარმონაქმნის მოცილება, მაგრამ ამ შემთხვევაში მანიპულაციის მაშტაბი შედარებით მარტივია, არარადიკალური.
თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს და სწორად იქნება წარმართული მკურნალობა, კანის დაავადებები დღესდღეისობით აღარ წარმოადგენენ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშროებას და ხდება მისი სრული განკურნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

 

ტეგები

ტეგები