ბლეფარიტი

ბლეფარიტი

ბლეფარიტის სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

გაინტერესებთ რა სიმპტომებით ვლინდება ბლეფარიტი? როგორია მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ოფთალმოლოგი ელისო სიჭინავა.

– რა არის ბლეფარიტი?

ბლეფარიტი არის ქუთუთოების ანთება, რომელიც მოიცავს მის კიდეს, იმ ნაწილს, საიდანაც წამწამები იზრდება. როგორც წესი, გავლენას ახდენს ორივე- ზედა და ქვედა ქუთუთოზე და იწვევს თვალის გაღიზიანებას და სიწითლეს. ასაკის მატებასთან ერთად მისი სიხშირეც მატულობს.

ბლეფარიტი ხშირად ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის განკურნება საკმაოდ რთულია. ჩვეულებრივ, ის არ იწვევს მხედველობის დაზიანებას და არ არის გადამდები.
ბლეფარიტის ზუსტი მიზეზი უცნობია. ის შეიძლება ასოცირდეს ერთ ან რამდენიმე ფაქტორთან ერთდროულად, მათ შორის:

  • სებორეული დერმატიტი;
  • ბაქტერიული ინფექცია;
  • როზაცეა ;
  • ქუთუთოების კიდეებში არსებული ცხიმოვანი (მეიბომის) ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა;
  • ალერგია (ალერგიული რეაქცია თვალის წვეთებზე, კონტაქტური ლინზების სითხესა და თვალის მაკიაჟზე);
  • წამწამების ტკიპა (დემოდეკოზი);
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ეგზემა;
  • ფსორიაზი;
  • იმუნიტეტის დაქვეითება, ჰიპოვიტამინოზი
  • მუდმივი გარე გამღიზიანებლების არსებობა ( სპეციფიური სამუშაო გარემო).

 

– რა არის ბლეფარიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ?

  • ცრემლიანი და წითელი თვალები;
  • ქუთუთოების ქავილი;
  • თვალების წვის, უცხო სხეულისა და სიმძიმის შეგრძნება;
  • ქუთუთოების კიდეების სიწითლე და შეშუპება;
  • გამონადენი და ქერცლისმაგვარი ფუფხები წამწამების ძირებში;
  • გახშირებული ხამხამი;
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • წამწამების არასწორი მიმართულებით ზრდა და ცვენა.

მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლება აღინიშნებოდეს ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთდროულად და ჩივილებს შეიძლება ჰქონდეს მუდმივი ან ხანგამოშვებითი ხასიათი. თუკი ადგილი აქვს ამგვარ სიმპტომებსა და ნიშნებს, რომლებიც არ უმჯობესდება კარგი ჰიგიენის მიუხედავად , აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
არანამკურნალებმა ბლეფარიტმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა:

  • წამწამების ცვენა,
  • ქუთუთოს კიდეებზე წყლულების გაჩენა და შედეგად მისი დეფორმირება;
  • ქუთუთოს შიგნით, თვალის კაკლისკენ შებრუნება ან პირიქით, გარეთ გადმობრუნება,
  • ცრემლდენა
  • მშრალი თვალის სინდრომის განვითარება- აბნორმული ცხიმოვანი სეკრეციის გამო ირღვევა ცრემლის აპკის შემადგენლობა, რაც მას ხდის არასტაბილურს.
  • ჯიბლიბო და ქალაზიონი.
  • რქოვანას დაზიანება.
  • ქრონიკული წითელი თვალი.

– როგორია დიაგნოსტირება?

ბლეფარიტის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ქუთუთოების დეტალური დათვალიერება. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გაკეთდეს ნაცხის და წამწამის გამოკვლევა ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციის ან დემოდეკოზის დიაგნოსტირებისათვის.

– როგორია მკურნალობა?
მკურნალობა რა თმა უნდა უნდა დაიწყოს ექიმთან ვიზიტით, რათა დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. თვალების დაბანა და თბილი კომპრესების გამოყენება, ხშირად შეიძლება იყოს საკმარისი მსუბუქად მიმდინარე ბლეფარიტის დროს, სხვა შემთხვევებში ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა:

  • ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები: გამოყენებული ანტიბიოტიკები ( თვალის წვეთების და მალამოს სახით) არსებული სიმპტომების შემსუბუქებას და ქუთუთოების ბაქტერიული ინფექციის შემცირებას უწყობს ხელს.
  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა სტეროიდული საშუალებები (ასევე თვალის წვეთების ან მალამოს სახით);
  • მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე;
  • ბლეფარიტის გამომწვევ სხვა პათოლოგიასთან ბრძოლა, როგორიცაა სებორეული დერმატიტი, როზაცეა და სხვა.
  • ომეგა-3 ის ცხიმოვანი მჟავებით გაჯერებული საკვები რაციონი და საშუალებები სასარგებლოა როზაცეასთან შერწყმული ბლეფარიტის სამკურნალოდ.
  • წამწამების ტკიპების (დემოდეკოზის) არსებობის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა

ბლეფარიტი იშვიათად ქრება მთლიანად. წარმატებული მკურნალობის შემთხვევაშიც კი, მდგომარეობა ხშირად ქრონიკულია , რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავებები და ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვს ყურადღებას .

  • ყოველდღიურად თბილი, ტენიანი კომპრესები (დღეში ერთჯერ ან ორჯერ) , რომელიც ერთის მხრივ ქუთუთოების კიდეებზე არსებულ ფუფხებს უფრო ადვილად მოსაცილებელს ხდის და მეორეს მხრივ აუმჯობესებს ცხიმოვანი ( მეიბომის ) ჯირკვლების ფუნქციას.
  • ქუთუთოების გაწმენდა-დაბანა: საბავშვო შამპუნი, სპეციალური ქუთუთოს დასაბანი საშუალებები და სველი, სპეციალურ სითხეში დასველებული სალფეთქები--ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია ქუთუთოს კანისა და კიდის განთავისუფლება მასზე არსებული ნადებისგან!!!

თვალის დამატენიანებელი ხელოვნური ცრემლის ჯგუფის თვალის წვეთების გამოყენება.

ბლეფარიტის დროს დაუშვებელია კონტაქტური ლინზების ტარება, თვალისა და თვალის ირგვლივი მაკიაჟის გამოყენება. ბლეფარიტის სწორ მართვას ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალზე ქირურგიული ჩარევების დროს, რადგან მან შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კატარაქტისა და რეფრაქციული ქირურგიის შედეგებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ან აქციებზე და სკრინინგ-პროგრამებზე ჩასაწერად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: (032) 2 95 80 14, 595 41 70 55  ყოველ სამუშაო დღეს  (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ. 

ტეგები

ტეგები