ეპილეფსია

ეპილეფსია

რა არის ეპილეფსია, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობა.

გაინტერესებთ რა არის ეპილეფსია და როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება შეტევის დროს? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ნევროლოგი ეთო შურღაია.

ეპილეფსია ყველაზე ხშირი ნევროლოგიური პათოლოგიაა ინსულტის შემდეგ. მოსახლეობაში ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ ძალიან მწირია. დიაგნოზი ეპილეფსია დღემდე სტრესია პაციენტის და მისი ოჯახის წევრებისთვის. იგი მიჩნეულია სამარცხვინო, დასამალ და საშიშ დაავადებად. ეს დამოკიდებულება მრავალ პრობლემას უქმნის პაციენტს, ოჯახის წევრებს, ხელს უშლის პიროვნებას სოციალურ ადაპტაციაში. ამიტომ, აუცილებელია, პაციენტმა და საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ.

– რა არის ეპილეფსია?
ეპილეფსია წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან epilambanein და ნიშნავს " გარე ძალების მიერ შეპყრობილ ადამიანს ", იგი შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ასაკის, სქესის, რასისა და სოციალური ფენის ადამიანს.

სამედიცინო განმარტებით, ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიტდება უეცარი, განმეორებითი შეტევებისადმი მიდრეკილებით. რასაც საფუძვლად უდევს თავის ტვინის ნერვულ უჯრედებში ანომალური და ძალიან მაღალი ელექტრონული აქტივობა. ეპილეფსიის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია გულყრა, რომელიც შეიძლება იყოს კრუნჩხვითი და არაკრუნჩხვითი. კრუნჩხვითი გულყრა გარეგნულად ადვილი შესამჩნევია, არაკრუნჩხვითი კი გარეშე პირთათვის თითქმის შეუმჩნეველი. ამასთანავე, კრუჩხვითი გულყრა შეიძლება იყოს როგორც ეპილეფსიური, ისე არაეპილეფსიური. არაეპილეფსიური შეტევების ყველაზე ხშირი მიზეზი კარდიოლოგიური, სტრესული თუ ემოციური მდგომარეობაა. ასეთ შემთხვევაში თუ შცდომით დაისვა დიაგნოზი და პაციენტს ანტიეპილეფსიური მკურნალობა დაენიშნა, იგი, რა თქმა უნდა, უეფექტო იქნება.

ერთჯერადი ეპილეფსიური გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას, რადგან ის შეიძლება ნებისმიერ ადამიანს განუვითარდეს ნებისმიერ ასაკში სხვადასხვა მიზეზით. მაგალითად, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში (ძირითადად, ბავშვებში ვირუსული ინფექციის დროს ), შიმშილის, უძილობის, ორგანიზმში მინერალური ბალანსის დარღვევის, ინტოქსიკაციის ფონზე და სხვა. ამიტომ ეპილეფსიის დიაგნოზი უნდა დაისვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევებით გამოვლინდა ეპილეფსიისთვის ჩვეული სპეციფიკური მახასიათებლები, რომლებიც უნდა შეაფასოს სათანადო სპეციალისტების ჯგუფმა ( ეპილეფტოლოგი, კლინიკური ელექტროფიზიოლოგი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი, ნეიროვიზუალური კვლევის სპეციალისტი ) შესაბამისი კვლევებისა და კონსულტაციების საფუძველზე.

არსებობს ეპილეფსიათა საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთა დროსაც გულყრა გარკვეული ფაქტორის ზემოქმედებით ვითარდება. ასეთი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს მხედველობითი სტიმული ( ფოტოსენსიტიური ფაქტორი ). ამის კვალობაზე, გამოვყოფთ ე.წ. კომპიუტერის, ტელევიზორის, დისკოთეკის ეპილეფსიებს. რეფლექს–ეპილეფსიაბის რიცხვშია ჭადრაკის, კითხვის, ცხელი წყლის ეპილეფსიებიც. ამგვარად, გულყრას მრავალი გამღიზიანებელი იწვევს: სმენითი, შხებითი და ა. შ.

საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოყოფილია გულყრის ორი ძირითადი ტიპი: ფოკალური და გენერალიზებული.

ფოკალური შეტევა: განპირობებულია თავის ტვინის ერთ–ერთ რომელიმე მიდამოში პათოლოგიური განმუხტვით.
გამოვლინდება გემოს, სუნის, გარემოს აღქმის შეცვლით. ხანმოკლე კრთომით რომელიმე კიდურში ან სხეულში, ასევე დაბუჟების, თავბრუსხვევის და სხვა შეგრძნებებით. აღნიშნულს შეიძლება ახლდეს თან ცნობიერების შეცვლის ხანმოკლე ეპიზოდი.

გენერალიზებული შეტევა: გულყრა, რომელიც თავისი გავრცელებით მოიცავს მთელ თავის ტვინს. არსებობს შემდეგი ტიპის გენერალიზებული გულყრა: აბსანსი, ანუ მცირე გულყრა. ახასიათებს გაშტერება და მსუბუქი რხევითი მოძრაობა სხეულში. მიმდინარეობს სიფხიზლის ან ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვის ფონზე.

ტონური გულყრა – მიმდინარეობს ხელების, ფეხების, ზურგის კუნთების დაჭიმვით.

კლონური გულყრა – ხასიათდება კუნთების რიტმული, მცირე ან მაღალი ამპლიტუდის ბიძგისებური შეკუმშვით.

ტონურ–კლონური გულყრა – ყველაზე ხშირია. რომლის მიმდინარეობაში ვლინდება კუნთების მკვეთრი დაჭიმულობა, უპირტესად ზურგის და კიდურების, რასაც მოყვება კლონური ფაზა– კუნთების შეკუმშვა, კანკალი. შეტევის ამ ტიპს ახლავს გონების კარგვა.

– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
ეპილეფსიის დიაგნოზის დადგენა იწყება ექიმის კონსულტაციით, რის შემდეგაც ხდება ადამიანის ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა ( ეეგ ), რაც გულისხმობს თავის ტვინის ელექტრული აქტივობის გრაფიკულ რეგისტრირებას. კვლევა აბსოლუტურად უსაფრთხო და უვნებელია. მეტი სიზუსტისათვის გამოიყენება სხვადასხვა ხანგრძლიოვობის ელექტროენცეფალოგრაფიული მონიტორინგი სინქრონიზებულ ვიდეო ჩანაწერთან ერთად. ასევე ტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები: თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ( მრტ ), კარდიოლოგიური, ლაბორატორიული, ნეიროფსიქოლოგიური, გენეტიკური და სხვა კვლევები.

– როგორია ეპილეფსიის მკურნალობა?
სამწუხაროდ საზოგადოებაში დღესაც გავრცელებულია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ გულყრის დროს აუცილებელია კრიჭის გახსნა ხელით ან სხვანივთების დახმარებით, რათა ადამიანმა არ გადაყლაპოს ენა. სინამდვილეში ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თქვენი ქმედება კი არ ამცირებს ადამიანის სასუნთქი გზების დახშობის რისკს, არამედ ზრდით პაციენტის და საკუთარი თავის დაზიანების ალბათობას. გადმოაბრუნეთ ადამიანი მარჯვენა გვერდზე, ამით თქვენ გაათავისუფლებთ მოდუნებული ენით ნაწილობრივ დახშობილ სასუნთქ გზებს და შეამცირებთ პირის ღრუში დაგროვილი ნერწყვის სასუნთქ გზებში მოხვედრას, მოაცილეთ ირგვლივ მდებარე ბასრი და მტვრევადი საგნები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დამატებითი ტრავმირება , შეეცადეთ ფრთხილად თავის ქვეშ მოათავსოთ რაიმე რბილი, რათა თავის ტრავმული დაზიანების შანსი შამციროთ, ნუ მოუჭერთ ან გააკავებთ კიდურებს კრუნჩხვისას, ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ამოვარდნილობა, სახსრის მყესოვანი აპარატის დაზიანება, იშვიათად მცირე ძვლების მოტეხილობა. დაელოდეთ შეტევის ჩამთავრებას და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლას, არ მიატოვოთ ადამიანი მარტო შეტევის დროს.

ეპილეფსიური შეტევების საშუალო ხანგრძლივობა წარმოადგენს 2–3 წუთს, ამის შემდეგ ის როგორც წესი ყოველგვარი ჩარევის გარეშეც გაივლის. თუმცა არსებობს შანსი ახალი შეტევის განმეორების ან შეტევის გახანგრძლივების.
გაითვალისწინეთ, რომ შეტევის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანი შეიძლება იყოს შეშინებული, დაბნეული, ვერ ერკვეოდეს დროსა და სივრცეში, შეტევის ჩამთავრებისთანავე ჩაეძინოს.

დიაგნოზის დადგენის შემდეგ აუცილებელია დროული და სწორი მკურნალობის შერჩევა. ანტიკონვულსიური თერაპიის შერჩევისას წამყვანი როლი ენიჭება ეპილეფსიურ სინდრომსა და შეტევის ტიპს, თუმცა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, სქესი, არსებული თანდართული დაავადება. იმ პაციენტებს, რომელთაც მკურნალობის ფონზე 3 წლის განმავლო აში გულყრა არ ჰქონიათ, აქვთ მკურნალობის შეწყვეტისა და სრული გამოჯანმრთელების მაღალი შანსი. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მედიკამენტების მოხსნა უნდა მოხდეს ექიმთან შეთანხმებით, თანდათანობით, სპეციალური სქემით, რადგანაც არსებობს შეტევის განმეორების რისკი.

ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს– ეპილეფსია არ წარმოადგენს განაჩენს, მისი დროული დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობით მიიღწევა შეტევების პრაქტიკულად სრული კონტროლი და გარკვეულ შემთხვევაში სრული განკურნებაც კი.

– რა პრევენცია არსებობს?
მედიკამენტის დროული და რეგულარული მიღება. სრულფასოვანი ძილი. მოერიდოს კაშკაშა შუქს. ტელევიზორის დიდხანს ყურებას, სინათლის ეფექტით აღწურვილ ადგილებს ( დისკოთეკებს, ღამის კლუბებს ), მგზავრობისას ფანჯრიდან ცქერას, მზიან ადგილას დიდხანს ყოფნას, თავი უნდა აარიდოს უარყოფით ემოციებს. ცხელ, დაორთქლილ სააბაზანოში დიდხანს ყოფნას, ამიტომ ადამიანმა, რომელსაც ეპილეფსია აქვს, აბაზანაში ან შხაპის ქვეშ დიდხანს არ უნდა ინებივროს.

გულყრების ხშირი და ზოგჯერ ერთადერთი მიზეზი პარაზიტული ჭიებით დასნებოვნებაა. ჭიები გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც თავის ტვინის სტრუქტურაზე მოქმედებს და გულყრებს იწვევს. ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვთა უმეტესობას გულყრები აცრის შემდეგ უხშირდება. ასეთი ბავშვის მშობლებმა იმუნიზაციის ჩატარებამდე კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს უნდა მიმართონ, თუკი ამას ვერ მოახერხებს, აცრამდე 4–5 დღის და აცრის შემდეგ 3 დღის განმავლობაში პატარას შესაბამისი დოზით უნდა მისცეს რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი.

გულყრების გახშირებას ხელს უწყობს ზოგიერთი არაეპილეფსიური მედიკამენტი ამიტომ სტომატოლოგიური, ქირურგიული, ონკოლოგიური და სხვა პრობლემების შემთხვევაში ეპილეფსიით დაავადებულმა ექიმს აუცილებლად უნდა აუწყოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რათა სპეციალისტმა მედიკამენტის დანიშვნის დროს სათაბადო სიფრთხილე გამოიჩინოს. საკვებში უნდა შეიზღუდოს შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები, კოფეინი, ალკოჰოლი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.
მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები