ტკივილი გულმკერდის არეში

ტკივილი გულმკერდის არეში

რა არის გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი, როგორია დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

გაინტერესებთ რა იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში ? რა სიმპტომებით ვლინდება და როგორი პრევენცია არსებობს? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი მაკა წყალობაშვილი.

ტკივილი მკერდის არეში გულისხმობს სხვადასხვა ხასიათისა და ინტენსივობის დისკომფორტს. მართალია, ამგვარი სიმპტომები ბევრ სხვა პრობლემასაც ახლავს თან, მაგრამ გულმკერდში ტკივილი ხშირად სიცოცხლისათვის საშიში დაავადების გამოვლინებაა და დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებით გამოწვეული ტკივილის შემთხვევაში ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული ტკივილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

სტატისტიკურად გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი არის:

  • გულის იშემიური დაავადება - 31%
  • პერიკარდიტი (გულის პერანგის ანთება) - 4%
  • აორტის დაავადება - 2%,
  • კუჭ-ნაწლავის დაავადება - 42%,
  • გულმკერდის კედლის სინდრომი (გადატანილი გულმკერდის ტრამვა, მიალგია, მიოზიტი, სტრესით გამოწვეული ) - 28%,
  • პნევმონიტი - 2%,
  • ფილტვის კიბო - 1,5%
  • ჰერპეს ზოსტერი - 1%.

გულმკერდის არეში უეცრად დაწყებული ტკივილი ან ქოშინი შეიძლება იყოს კარდიული (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, სხვადასხვა პათოლოგიით ან ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით გამოწვეული), რაც აუცილებლად მოითხოვს კარდიოლოგის დაუყოვნებელ კონსულტაციას, რათა თავიდან იქნას აცილებული სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
რაც შეეხება არაკარდიალურ ტკივილს, მისი მიზეზია გულმკერდის ღრუში არსებული სხვა ორგანოების ან ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის პრობლემით გამოწვეული დისკომფორტი, რაც არ არის დაკავშირებული ფიზიკურ აქტივობასთან. მსგავსი ხასიათის ტკივილი ძლიერდება ხელით ზეწოლისას, ღრმა ჩასუნთქვისას, სხეულის პოზიციის ცვლილებისას, ხველის დროს. მასაც აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია, იმის და მიხედვით თუ რომელი ორგანოს პრობლემა იძლევა ტკივილს გულმკერდში.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
კარდიული იშემიური ტკივილისათვის დამახასიათებელია:

  • მწვავე დასაწყისი;
  • ტკივილი დიფუზურია, ხშირია ირადიაცია ხელში (ჩვეულებრივ, მარცხენა ხელში), ზურგში, კისერში და ქვედა ყბაში;
  • პაციენტების გადმოცემით ტკივილი ძლიერი, მოჭერითი ხასიათისაა, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს მცირე ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაში. ტკივილი სუნთქვის ფაზებთან და პოზის შეცვლასთან დაკავშირებული არ არის;
  • აღმოცენდება უეცრად, სწრაფი სიარულის, კიბეზე ასვლის, სიცივეში გამოსვლის დროს ან თუნდაც მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • შეტევითი ხასიათისაა, უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში), აქვს წვის, ზეწოლის, მოჭერის ხასიათი.

თანამედროვე კარდიოლოგიას საკმარისად ბევრი და ეფექტური სადიაგნოსტიკო საშუალება გააჩნია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. სწორი დიფერენცირებისათვის საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები, როგორებიცაა: ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრაბგერითი კვლევა, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, საჭიროების შემთხვევაში გულის სისხლძარღვების ანგიოგრაფია (კორონაროგრაფია) და სხვა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაავადების საწყის ეტაპზე, შესაძლოა ელექტროკარდიოგრაფიული და ექოკარდიოგრაფიული მონაცემებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირდეს, ამ დროს მნიშვნელოვანია პაციენტის სუბიექტური მონაცემები.

პაციენტებისთვის, რომლებსაც დიაგნოსტირებული აქვთ გულის იშემიური დაავადება, მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

– რა რჩევას მისცემდით პაციენტებს?
გულმკერდში ნებისმიერი ხასიათის ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ტკივილის ზუსტი მიზეზის დასადგენად და შესაფერისი მკურნალობისთვის მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ შემდგომი გამოკვლევებისა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტებთან ვიზიტების ორგანიზებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს ( შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103. კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები