გატეხილი გულის სინდრომი – ტაკოცუბოს კარდიომიოპათია

გატეხილი გულის სინდრომი – ტაკოცუბოს კარდიომიოპათია

რას ნიშნავს გატეხილი გულის სინდრომი, რა სიმპტომებით ვლინდება და როგორია მკურნალობა.

რა არის გატეხილი გულის სინდრომი? რა მიზეზების გამო ვითარდება და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი კარდიოლოგი, ნინი იკოშვილი.

– რა არის გატეხილი გულის სინდრომი?
ტაკოცუბოს კარდიომიოპათია ცნობილია ასევე სტრეს-კარდიომიოპათიის ან გატეხილი გულის სინდრომის სახელით. პირველად აღწერეს იაპონიაში 1990 წელს და ახასიათებს რვაფეხას ხაფანგის მსგავსი ექოსკოპიური სურათი. იაპონურად რვაფეხას ხაფანგს ტაკოცუბო ჰქვია და ოფიციალური სახელიც აქედან შეერქვა. რვაფეხას ხაფანგი ჰგავს ქოთანს, რომელსაც აქვს მრგვალი ძირი და ვიწრო ყელი. ასეთივე ფორმას იღებს გული აღნიშნული სინდრომის დროს. ტაკოცუბოს კარდიომიოპათია არაიშემიური კარდიომიოპათიის ჯგუფში შედის და მარცხენა პარკუჭის შექცევადი დისფუნქციით ხასიათდება.

– რა არის ამ დაავადების განვითარების მიზეზი?
დაავადების მიზეზი არის სტრესული სიტუაცია, ექსტრემალური ემოციები, ნებისმიერი მწვავე დაავადება ან ქირურგიული ჩარევა, ნარკოტიკების მოხმარება (კოკაინი, მეტამფეტამინი). ხშირადაა აღწერილი განქორწინების, საყვარელი ადამიანის დაკარგვის დროს, სიურპრიზების, ფინანსური პრობლემების ან თანხის მოგების დროს, საჯარო გამოსვლებისას. ამ დროს გულის კუნთის უჯრედებში ვითარდება შექცევადი ცვლილებები, რაც შეიძლება იყოს მიკროვასკულარული დისფუნქცია, კორონარული არტერიის სპაზმი, კატექოლამინებით ინდუცირებული სტანინგი, მწვავე კორონარული სინდრომის დროს რეპერფუზიული ცვლილება - ჰიბერნაცია, მეტაბოლიზმის და ცხიმოვანი მჟავების ცვლის დარღვევები.

– რას უჩივის ამ დროს პაციენტი?
პაციენტს ეწყება უეცარი ტკივილი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა და ფიქრობს, რომ აქვს გულის შეტევა. აუცილებელია ექიმთნ მიმართვა. სტანდარტულად ტარდება ის კვლევები, რაც მწვავე კორონარული სინდრომის დროს: ეკგ-ზე ვლინდება იშემიური ცვლილებები, კარდიოსპეციფიური მარკერი ტროპონინი იმატებს, ექოკარდიოგრაფიულად - მარცხენა პარკუჭის აპიკალური ნაწილის აკინეზიაა, შუა და ბაზალური სეგმენტები ჰიპერდინამიურია, ექოსკოპიურ ფანჯარაში ჩანს - აპიკალურად შევიწროება, ბაზალურად გაგანიერება. საინტერესოა, რომ აღნიშნული შედეგები ჰგავს გულის ინფარქტს, გადაუდებლად კეთდება გულის სისხლძარღვების გამოკვლევა-კორონაროგრაფია, თუმცა ინფარქტი არ დასტურდება, კორონარული არტერიები ინტაქტურია. აქ უკვე საფიქრებელია ტაკოცუბოს კარდიომიოპათიაზე.

– როგორია მკურნალობა?
მკურნალობა მიმდინარეობს 4-8 კვირის განმავლობაში და ჩივილები სრულიად უკვალოდ ალაგდება, კვლევის შედეგებიც ნორმალიზდება. მკურნალობა მოწოდებულია დაავადების ეტიოლოგიიდან და სიმპტომებიდან გამოდინარე სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებით:

  • ანტიარითმიული
  • დიურეზული
  • ბეტა-ბლოკატორები
  • ანგიოტენზინ-გარდამქმენილი ფერმენტის ინჰიბიტორები
  • ვაზოდილატატორები
  • ანტიდეპრესანტები.

სტატისტიკურად სტაციონარში მწვავე კორონარული სინდრომიდან 2%-ში სწორედ ტაკოცუბოს კარდიომიოპათია დიაგნოსტირდება. მაღალი რისკ -ფაქტორების ჯგუფში შედიან ქალები პოსტმენოპაუზურ პერიოდში, აზიელები, თეთრი რასის წარმომადგენლები, ასევე აღწერილია ბავშვებში და მოზარდებშიც.

გართულება ვლინდება შემთხვევათა 20% -ში, რაც შეიძლება იყოს მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, მიტრალური რეგურტიგაცია, პარკუჭოვანი არითმია, მარცხენა პარკუჭში თრომბის ფორმაცია, მარცხენა პარკუჭის თავისუფალი კედლის რუპტურა, სიკვდილი.

– რა პრევენცია არსებობს?
„გატეხილი გულის სინდრომი“ კიდევ შეიძლება განმეორდეს, მისი პრევენცია სტრესის თავიდან აცილებაა. გავუფრთხილდეთ ჩვენს გარშემომყოფებს და მეტი პოზიტივი დავნერგოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე.

მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს 17 წლის ასაკის ზემოთ.

ტეგები

ტეგები