კოლორექტალური  ქირურგია

კოლორექტალური ქირურგია

დღესდღეობით სახეზეა კოლორექტალური დაავადებების მატება და მათი ახალგაზრდა ასაკში გამოვლენა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ქირურგი, ას. პროფესორი,  ბ-ნი შალვა გიუაშვილი გვესაუბრება კოლორექტალურ  ქირურგიაზე და მის განვითარებაზე.

კოლორექტალური  ქირურგია მოიცავს მსხვილი და სწორი ნაწლავის პათოლოგიების ქირურგიულ მკურნალობას. მსხვილი და სწორი ნაწლავის ფართოდ გავრცელებული ქირურგიული დაავადებებია: მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო, პოლიპოზი, დივერტიკულიტი და დივერტიკულური დაავადება, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, სწორი ნაწლავის პროლაფსი, მეგაკოლონი და ა.შ.

დღესდღეობით სახეზეა კოლორექტალური დაავადებების მატება და მათი ახალგაზრდა ასაკში გამოვლენა, რისი ძირითადი მიზეზია სტრესულ გარემოში ცხოვრება, არასწორი კვება, არაჯანსაღი საკვები და ცხოვრების წესი, მავნე ჩვევები და ა.შ.

კოლორექტალური დაავადებების საწყის ეტაპზე ხშირია და ყურადსაღები ისეთი ჩივილები, როგორიცაა: სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, წონაში კლება, სისხლიანი განავლის არსებობა, ყრუ, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში, დისპეფსიური მოვლენები, დიარეა, პარადოქსული ფაღარათი,  ყაბზობა და ა.შ.

კოლორექტალური დაავადების დადგენის მიზნით, ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების შემთხვევაში,რეკომენდირებულია შემდეგი კვლევები: ფიბროკოლონოკსოპია, ირიგოსკოპია, მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით და ლაბორატორიული ანალიზები. ონკოპათოლოგიის ეჭვის შემთხვევაში ნაჩვენებია: ენდოსკოპიური ბიოფსია, მუცლის და მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ - ემისიული ტომოგრაფია და ონკომარკერების განსაზღვრა სისხლში, რისი საშუალებითაც ხდება ონკოპროცესის სტადირება, რაც არის მნიშვნელოვანი მისი შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში დახვეწილია და რუტინულად კეთდება შემდეგი კოლორექტალური ოპერაციები: მარჯვენა და მარცხენა ჰემიკოლექტომია, ტოტალური და სუბტოტალური კოლექტომია, მსხვილი ნაწლავის ატიპიური რეზექცია, პალიატიური შემოვლითი ანასტომოზის ფორმირება, სწორი ნაწლავის წინა დაბალი და  მაღალი რეზექციები, კოლო-კოლო, კოლო-რექტალური და კოლო-ანალური ანასტომოზები, სწორი ნაწლავის აბდომინურ პერინეალური ექსტირპაცია და ა.შ.

ჩვენი კლინიკის ქირურგიული სამსახური, ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში სრულ მზადყოფნაშია აწარმოოს გართულებული და გამწვავებული კოლორექტალური ქირურგიული ოპერაციები, კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები ობსტრუქციული გაუვალობის, კოლინჯის შემოგრეხვის,  პროფუზული სისხლდენის, პენეტრაციის, პერფორაციის, აბსცედირების და გავრცელებული პერიტონიტების დროს. აღნიშნული ოპერაციები ჩვენი ყოველდღიური რუტინაა და გვაქვს საუკეთესო შედეგები.

კოლორექტალური ოპერაციების წარმოებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სტეპლერების გამოყენებას, რომლებიცაა ერთჯერადი მოხმარების ცირკულარული და ხაზოვანი სტეპლერები. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ მაღალრეიტინგული კომპანიების მიერ წარმოებულ სტეპლერებს, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხი, მარტივი ექსპლუატაციის სისტემა და რაც მთავარია, შესაბამისი აკადემიური კვლევები, საუკეთესო რეზულტატებით.

კოლორექტალურ ქირურგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ემბრიონული განვითარების, ანგიოსემიოტიკის და მუცლის ღრუს ქირურგიული ანატომიის მაღალკვალიფიციურ, ექსპერტულ დონეზე ცოდნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლორექტალური სიმსივნებიის დროს ოპერაციული მკურნალობისას. აღნიშნული აკადემიური ცოდნა განაპირობებს მაქსიმალური რადიკალიზმის დაცვას, ახდენს ანასტომოზების უკმარისობის პრევენციას და მეტწილად მასზეა დამოკიდებული ოპერაციის შემდგომი კარგი შედეგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ გაუაზრებლად წარმოებული რადიკალური ოპერაციების უმეტესი ნაწილი იწვევს პაციენტების ინვალიდიზაციას, რისი თავიდან აცილების მიზნით, ოპერაციის მსვლელობისას მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფიზიოლოგიის კარგი ცოდნა და მოცემული სიტუაციის ანალიზი - ანატომიის, აბლასტიკის და ანტიბლასტიკის გათვალისწინებით და მას შემდგომ რადიკალიზმის  განსაზღვრა. ონკოლოგიური ოპერაციისას რადიკალიზმი განისაზღვრება 3 ძირითადი პრინციპით:

  1. სიმსივნის ამოკვეთა ერთიან ბლოკად,  ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში რეგიონალურ ლიმფურ კვანძებთან და სიმსივნესთან შემხებლობაში არსებულ რბილ ქსოვილებთან ერთად - ფრაგმენტაცია დაუშვებელია,
  2. სიმსივნის ამოკვეთა ჯანსაღი ქსოვილების ფარგლებში, რეგიონალურ ლიმფურ კოლექტორებთან ერთად - ზონურობის პრინციპი,
  3. სიმსივნის ამოკვეთა ანატომიური „ბუდის“ (ფასციებს შორის, ერთიან ცხიმოვან ქსოვილში, სეროზულ გარსებს შორის) მოცულობით.

ონკოლოგიური ოპერაციების წარმოებისას მნიშვნელოვანია სიმსივნეზე მინიმალური კონტაქტი (No touch surgery), რაც მკვეთრად აქვეითებს იმპლანტაციური მეტასტაზების განვითარების რისკს. პარიესული და ვისცერული პერიტონეალური მეტასტაზების არსებობის შემთხვევაში  ჩვენ ვაწარმოებთ ლოკალურ და ფართე პერიტონიუმექტომიას - ჩვენი შემდგომი ეტაპი ინტრააბდომინური ქიმიოთერაპიია.

დღევანდელ დღეს ლაპაროსკოპიული კოლორექტალური ოპერაციები დღითიდღე ფართოვდება, მნიშვნელოვანია მისი როლი განსაკუთრებით მენჯის ღრუში მუშაობისას, რომელიც ახდენს უკეთეს ვიზუალიზაციას და გრძელი ინსტრუმენტების მეშვეობით იძლევა უკეთესი მანიპულირების საშუალებას.  მსოფლიოში არსებული რანდომიზირებული კვლევების თანახმად, ონკოპათოლოგიების დროს, ღიად და ლაპაროსკოპიულად წარმოებული ოპერაციების შორეული რეზულტატები ერთნაირია და განსხვავება მათ შორის არ არის. ჩვენს კლინიკაში, შერჩეულ პაციენტებთან, შესაბამისი აღჭურვის და ფინანსური რესურსის შემთხვევაში შესაძლებელია ლაპაროსკოპიული კოლორექტალური ოპერაციების წარმოება და მათ შორის ონკოლოგიური პათოლოგიების დროს.

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის  ქირურგიული სამსახური აქტიურად თანამშრომლობს თერაპიული პროფილის ონკოლოგებთან, ჩართულია ოპერაციამდე და მის შემდგომ შესაბამისი ონკოთერაპიის პროცესში, თანამშრომლობს რადიოლოგიურ სამსახურთან, პათოლოგთან, პროქტოლოგთან, ანგიოლოგთან, გასტროენტეროლოგთან, უროლოგთან, გინეკოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში ინტრაოპერაციულად ვაწყობთ კონსილიუმს და ერთად ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

ყველაფერი ზემოთ მოცემული არის საწინდარი კოლორექტალური კიბოს მკურნალობის საუკეთესო შედეგების მიღწევისა, რაც ჩვენს კლინიკაში უკვე თვალნათელია, პირადი გამოცდილების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ გვყავს არაერთი 6-7 წლის წინ ნამკურნალები და დღეს პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული პაციენტები.

და ბოლოს, მინდა მივმართო პოტენციურ პაციენტებს, ზემოთ აღნიშნული ჩივილების შემთხვევაში, ნებისმიერი კოლორექტალური პათოლოგიების დროს დროული დიაგნოსტიკა და ადრეული ადეკვატური მკურნალობა პირდაპირპროპორციულია სრულ გამოჯანმრთელებასთან და კიდევ, კოლორექტალური კიბოს ასაკობრივ რისკ-ჯგუფებში (50-70 წელი) მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ჩვენში არსებული უფასო სკრინინგში აქტიური მონაწილეობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები