გულის არითმია

გულის არითმია

არითმიის ყველაზე ხშირი მიზეზია მაღალი არტერიული წნევა,

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის თერაპიული და კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი შალვა პეტრიაშვილი გვესაუბრება ფართოდ გავრცელებული და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პათოლოგიური მდგომარეობის, არითმიის შესახებ.

რა არის არითმია?
არითმია ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოვლინდება გულის შეკუმშვათა სიხშირის, რიტმულობის, აგზნების და შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევით. ნორმალურ მდგომარეობაში გული იკუმშება დროის თანაბარ მონაკვეთში სიხშირით 60-დან 80-მდე დარტყმით წუთში. ორგანიზმის მოთხოვნილებიდან გამომდინარე გულმა შეიძლება ააჩქაროს ან შეანელოს თავის მუშაობა. არითმია არის გულის ნებისმიერი ცვლილება რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი, სინუსური რიტმისგან.
გულის რიტმის დარღვევა, არითმია, ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ელექტრული იმპულსები, რომლებიც იწვევენ გულის შეკუმშვას, ფუნქციონირებენ არასწორად, აიძულებენ გულს იმუშაოს ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა, არარეგულარულად ან არარითმულად.
გული შედგება 4 ღრუსგან. ორივე მხარეს, მარჯვნივ და მარცხნივ, არის ორი ტუმბო: ზემოთ - წინაგულები, ქვემოთ - პარკუჭები. გულის შეკუმშვის დროს წინაგულები იკუმშებიან, რაც ხელს უწყობს მოდუნებული პარკუჭების სისხლით ავსებას. შეკუმშვა იწყება, როცა სინუსის კვანძი (უჯრედების გროვა მარჯვენა წინაგულში) აგზავნის იმპულსს, ამ დროს იკუმშება ორივე წინაგული, შემდეგ იმპულსი გადადის წინაგულ-პარკუჭოვან კვანძში, რომელიც მდებარეობს წინაგულების და პარკუჭების საზღვარზე. ამ კვანძიდანგ ამოსული იმპულსი ვრცელდება პარკუჭებზე, რის შედეგადაც ისინი იკუმშებიან და გადატყორცნიან სისხლს ორგანოებისკენ.

როგორ ვითარდება არითმია?
ჯანმრთელ ორგანიზმში ეს პროცესი მიმდინარეობს თანაბარზომიერად და მუდმივად -ერთი წუთის განმავლობაში 60-90 შეკუმშვით. გულის რიტმის დარღვევა ანუ არითმია, ვითარდება მაშინ, როცა ელექტრული იმპულსები, რომლებიც იწვევენ გულის შეკუმვათა ინიცირებას, ფუნქციონირებენ არასწორად, აიძულებენ გულს, იმუშაოს ძალიან ჩქარა ან ძალიან ნელა ან არარეგულარულად, არითმულად. ნებისმიერი გადახრა პათოლოგიად არ ითვლება.
გულის რიტმის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ფიზიკურმა დატვირთვამ, საკვებმა თუ სასმელმა, ძლიერმა ემოციამ. ბავშვებსა და ახალგაზრდებს გულის ცემა ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს ეცვლებათ და ესეც ფიზიოლოგიურად ითვლება.

არითმიის ფორმები:
არითმია ზოგჯერ კეთილთვისებიანია და მკურნალობა არ სჭირდება, ზოგჯერ კი ძალიან საშიშ ფორმას იღებს. არის შემთხვევები, როცა წლობით მიმდინარეობს,ზოგჯერ მხოლოდ ერთხელ ვითარდება და საბედისწეროდ იქცევა ხოლმე. ეს ყოველივე არითმიის ფორმასა და გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. არითმიებს ყოფენ ტაქიკარდიებად და ბრადიკარდიებად. პირველ შემთხვევაში გული ნორმაზე სწრაფად ცემს, მეორე შემთხვევაში კი - ნელა. უშუალო მიზეზად შეიძლება იქცეს ელექტრული იმპულსის წარმოქმნის ან გატარების დარღვევა ან მისი წარმოქმნა სხვა უბნებში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით არითმიის მრავალ სახეობას განასხვავებენ. ერთ-ერთი სახიფათო ფორმაა თრთოლვა და ციმციმი. ამ დროს გულის ცალკეული უჯრედები უწესრიგოდ იკუმშება. წინაგულების ციმციმის დროს სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ უწესრიგოდ მოძრავი სისხლის შედედების უნარი იზრდება და შეიძლება, განვითარდეს თრომბოემბოლიური გართულებები, მაგ. თავის ტვინის ინსულტი. სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს პარკუჭების ფიბრილაცია, ამ დროს თუ დაუყოვნებელი ჩარევა არ მოხდა, შედეგი ფატალურია.

გულის რიტმის დარღვევა უპირატესად იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • გულის ცემის აჩქარება, გულისცემის „გამოვარდნის“ შეგრძნება, 
  • ქოშინი, 
  • თავბრუ, 
  • გონების დაკარგვა ან გონების დაკარგვამდე მისვლა, 
  • წამოხველება,
  • ტკივილი გულის არეში. 

ცალკეულ შემთხვევებში ადამიანები შეიგრძნობენ არითმიას და მათ არა აქვთ გულის დაავადება, მაშინ როცა შეიძლება, ჰქონდეთ გულის მძიმე დაავადების ფონზე განვითარებული არითმია და ვერ გრძნობდნენ მას.

არითმიის გამომწვევი მიზეზები:
არითმიის ყველაზე ხშირი მიზეზია მაღალი არტერიული წნევა, გულის იშემიური დაავადება, გულის სარქვლოვანი პათოლოგია, კარდიომიოპათიები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის და ყავის მოხმარება, სტრესი, ზოგიერთი პრეპარატის ჭარბი დოზით მიღება, გარემო ფიზიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედება, ნევროზული მდგომარეობა, ხვრინვა და ძილის აპნოე (ძილის დროს სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები) და სხვა.
აღსანიშნავია, რომ მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში და გადატანის შემთხვევაში დანეკროზებული ან დანაწიბურებული ადგილი ხელს უშლის ელექტრული იმპულსის წარმოქმნას ან მის გატარებას მიოკარდიუმში ან ხდება არითმიის წარმოქმნის კერა.
ასევე, არითმია შეიძლება გამოიწვიოს: გულის არაადექვატურმა მომარაგებამ სისხლით. თუ გულისკენ სისხლის მიდინება რაღაც მიზეზით შემცირებულია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უჯრედებში ელექტრული იმპულსის ცვლილება.
გულის კუნთის დაზიანებამ ან სიკვდილმა ასევე შეიძლება, გამოიწვიოს ელექტრული იმპულსების წარმოქმნის დაგატარების ცვლილება. მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში და გადატანის შემთხვევაში დანეკროზებული ან დანაწიბურებული ადგილი ხელს უშლის ელექტრული იმპულსის წარმოქმნას ან მის გატარებას მიოკარდიუმში ან ხდება არითმიის წარმოქმნის კერა.

არითმიის გართულებები:
ზოგიერთი არითმია მაღლა სწევს შემდეგი მდგომარეობების რისკს:
ინსულტი - მოციმციმე არითმიის დროს, წინაგულთა არაკოორდინირებული შეკუმშვის გამო ყალიბდება მცირე ზომის თრომბული მასები, რომელიც, შესაძლოა, იქცეს ინსულტის, ნაწლავთა სისხლძარღვების და პერიფერიულ არტერიათა თრომბოზის მიზეზად. ასე რომ არ მოხდეს, მოციმციმე არითმიის დროს ინიშნება შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები, ე.წ. ანტიკოაგულანტები.
ხანგრძლივი ტაქიკარდიის ან მოციმციმე არითმიის დროს ირღვევა გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია. ეს არის გულის უკმარისობის მიზეზი. ამ დროს მდგომარეობას აუმჯობესებს გულის რიტმის ეფექტური კონტროლი. სიცოცხლისთვის საშიში არითმიაა პარკუჭთა ფიბრილაცია. ის მაშინ იჩენს თავს, როცა გულის პარკუჭების ცალკეული ბოჭკოები ასინქრონულად იკუმშება არამდგრადი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებით. ამ დროს, ნაცვლად ნორმალური შეკუმშვისა და აორტაში სისხლის გადასროლისა, შეკუმშვა არაეფექტურია. სისხლის ეფექტური გადატყორცნის მოშლის გამო ირღვევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგება. პაციენტი კარგავს გონს და შესაძლოა, სიკვდილითაც დასრულდეს დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე.

როდის მივმართოთ ექიმს?
არითმიის დროს შეიძლება ვიგრძნოთ გულის არეში უეცარი შეკუმშვა, გულის ფრიალი ან პირიქით, ძალიან ნელი გულისცემა. შეიძლება, თავი იჩინოს სიმპტომებმა, რომლებიც არითმიის გამო ორგანოებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევითაა განპირობებული: ქოშინმა, ხიხინმა, სისუსტემ, თავბრუსხვევამ, გაბრუებისა და გულისწასვლის შეგრძნებამ, დისკომფორტმა გულისა რეში.
ერთ-ერთი მათგანის და არითმიის თანაარსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოღ ექიმს!

ექიმის რეკომენდაცია:
არითმიათა მნიშვნელოვანი ნაწილი გულის დაავადებასთან არის ასოცირებული. ამის გათავლისწინებით რეკომენდებულია, მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ესკიგულისხმობსჯანსაღკვებას, ფიზიკურაქტივობას, მოწევისთვისთავისდანებებას, კოფეინისა და ალკოჰოლის შემცირებას, სტრესის თავიდანაცილებას, მედიკამენტების ექიმთან შეთანხმებით მიღებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები