Georgianenglishrussian

მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი

მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი

რა არის მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი, როგორია მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა.

გაინტერესებთ თუ რა კავშირშია მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი ჭარბ წონასთან? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ტრავმატოლოგი იოსებ მურმანიშვილი.

– რა არის მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი?
ტკივილის თანდათანობითი მატება, შებოჭილობა და შეშუპება მუხლის სახსარში არის ოსტეოართრიტის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. მუხლის სახსრის ართრიტი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, თუმცა ოსტეოართრიტი მათ შორის არის

ყველაზე გავრცელებული ფორმა. იგი მოიცავს ორ ძირითად პროცესს:

  • სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დაშლა.
  • ანომალური ძვლოვანი წარმონაქმნების განვითარება სახსარში, ეგრეთწოდებული ოსტეოფიტები.

ამ დეგენერაციულმა პროცესმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს სახსრის ფუნქციის მოშლა, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა სახსარში.
ტკივილი და შებოჭილობის შეგრძნება სახსარში რომელიც დასაწყის ეტაპზე შეიძლება დროდადრო ქრებოდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება მუდმივი ხასიათის. ასევე ძნელდება ისეთი ყოველდღიური მოქმედებები, როგორიცაა კიბეზე ასვლა, სკამიდან ადგომა და სხვა.
ოსტეოართრიტის განვითარების რამდენიმე ფაქტორი არსებობოს, ესენია: ასაკი (45 წელს ზევით), გადატანილი ტრავმები მუხლის სახსარზე და ჭარბი წონა.

– რა არის ოსტეოართრიტის დამახასიათებელი ნიშნები?
ტკივილი და შებოჭილობა სახსარში არის ოსტეოართრიტის ძირითადი ნიშნები და ისინი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ იწყება თანდათანობით, რასაც ბევრი ადამიანი დასაწყის ეტაპზე არ აქცევს ყურადღებას, სანამ ეს სიმპტომები არ ხდება გაუსაძლისი და არ ზღუდავს მათ ყოველღიურ ცხოვრებას.
სიმპტომების ადრეულმა დიაგნოზირებამ და შესაბამისმა მკურნალობამ შესაძლოა შეანელოს ოსტეოართრიტის პროგრესირება.

ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი შეიძლება დროდადრო ქრებოდეს ან და იყოს მუდმივი ხასიათის, რომელიც გამოვლინდება პერიოდული მატებით. ჩეულებრივ ეს დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
  • სახსრის შებოჭილობა (მოძრაობის შეზღუდვა) ოსტეოართრიტის დასაწყის ეტაპზე შებოჭილობა შეიძლება გამოხატული იყოს დილით როდესაც გაღვიძებიდან გარკვეული პერიოდი შეზღუდულია მოძრაობები სახსარში. მოძრაობის შეზღუდვა სახსარში დაავადების პროგრესირებასთან ერთად იზრდება.
  • შეშუპება ვითარდება როდესაც სასახსრე ხრტილი განილევა და სახსარში შემავალ ძვლებს შორის ხახუნი იზრდება, ეს კი იწვევს გაღიზიანებას და შესაბამისად შეშუპებას (ვითარდება სითხის დაგროვება სახსარში) რაც შეიძლება იყოს გამოხატული სიმხურვალის შეგრძნებით და სიწითლით.
  • სახსრის ტკაცუნი და ხრაშუნი გამოხატულია იმ შემთხვევაში როდესაც სახსრის ხრტილოვანი ნაწილი აღარ ასრულებს თავის ფუნქციას და არ იცავს ძვლებს ხახუნისგან, ამ სიმპტომს სამედიცინო ენაზე ეწოდება კრეპიტაცია.

– რა არის ოსტეოართრიტის განვითარების მიზეზები?
მუხლის ოსტეოართრიტის განვითარების ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ ადამიების უმეტესობას ვისაც ეს დაავადება აწუხებს, ქვემოთმოყვანილი ერთ-ერთი მიზეზი მაინც არის დამახასიათებელი.

ოსტეოართრიტის განვითარების ორი ძირითადი ფაქტორია, ხანდაზმული ასაკი და სიმსუქნე:

  • ხანდაზმული ასაკი. მუხლის ოსტეოართრიტის სიმპტომების განვითარება იწყება დაახლოებით 45 წლის ასაკიდან და შემდგომ პროგრესირებს. ასაკთან ერთად ხრტილი ხდება ნაკლებად ელასტიური და მიდრეკილი დაზიანებისადმი. სახსრის დეგენერაცია, რაც დამახასიათებელია ოსტეოართრიტისთვის, წარმოადგენს მიზეზს იმისა რომ ამ მგომარეობას ასევე უწოდებენ „სახსრის დეგენერაციულ დაავადებას“
  • ჭარბი წონა / სიმსუქნე. ადამიანი თავისი სრული წონით ეყრდნობა მუხლის სახსრებს და ის პიროვნებები ვისაც აწუხებთ ჭარბი წონა მეტად მიდრეკილნი არიან ოსტეოართრიტისადმი.

მაგალითითად: ჭარბი წონის მქონე სამი ადამიანიდან ორი იმყოფება მუხლის ოსტეოართრიტის განვითარების რისკ ჯგუფში და გარკვეული კილოგრამების კლების შემთხვევაში ამ რისკის არსებობა იკლებს დაახლოებით 50% რაც დამტკიცებულია არაერთი კვლევის შედეგად.
დამატებით, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, მუხლის სახსრის ოსტეორთრიტის განვითარების შემდეგი ფაქტორები არსებობს:

  • სახსრის ტრავმა. მოტეხილობა ან და მაშტაბური ოპერაციული ჩარევა სახსარზე შეიძლება გახდეს ოსტეოართრიტის მიზეზი. თუმცაღა ამ დაავადების სიმპტომები მრავალი წლის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს და ამგვარ დაზიანებას პოსტტრავმული ოსტეოართრიტი ეწოდება.
  • ოჯახური ანამნეზი (გენეტიკური ფაქტორი) როგორც თმის და თვალის ფერი, ოსტეოართრიტის განვითარებაც განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. მაგალითისთვის ქალბატონი ვისი დედაც დაავადებული იყო ოსტეოართრიტით, იმის ალბათობა, რომ მასაც განუვითარდეს ეს დაავადება უფრო დიდია მასთან შედარებით, ვისი გენეტიკაც აღნიშნულით არ არის დატვირთული. თუმცა ოსტეოართრიტის განვითარების გენეტიკური ფაქტორის ზუსტი ხარისხი ცნობილი არ არის და ეს მონაცემები მერყეობს 20%-დან 35%-მდე.

ასევე ოსტეოართრიტის მიზეზი შეიძლება გახდეს ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სხვადასხვა თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფექტები და დაავადებები.

  • სახსრის სტრესი და ქრონიკული ტრავმები. ადამიანები ვისი საქმიანობა და ყოველდღიური ცხოვრების წესი მოითხოვს დიდ ფიზიკურ დატვირთვებს და მათი სახსრები განიცდიან მუდმივ მიკროტრავმირებას, ასევე ზრდის ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობას.

- აქვს თუ არა სქესს მნიშვნელობა?
მუხლის ოსტეოართრიტით ქალები მეტად ავადობენ ვიდრე მამაკაცები.
18,7% ქალები
13,5% კაცები
გასათვალიწინებელია რომ არცერთი ზემოთნახსენები ფაქტორი 100% არ წარმოადგენს ოსტეორათრიტის მიზეზს.

– როგორია მუხლის ოსტეოართრიტის დიაგნოზირება?
ცალკე აღებული არც ერთი კვლევის მეთოდი თუ სიმპტომის არსებობა, ოსტეოართრიტის 100% დიაგნოზირებას ვერ ახდენს. ამიტომაც გამოიყენება კომპლექსური მიდგომა ზუსტი კლინიკური დიაგნოზის დასადგენად.
გასათვალისწინებელია, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანების უმეტესობას, რენტგენოლოგიურად აღენიშნებათ მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის სურათი. იმ დროს როდესაც ამ დაავადების სიმპტომები სუბიექტურად გამოხატული არ არის. აქედან გამომდინარე ცალკე აღებული დიაგნოზური კვლევა (რენტგენოგრაფია ან და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია) ან ოსტეოართრიტის სიმპტომები არ არის საკმარისი ამ დაავადების გამოსავლენად.
ქვემოთ არის მოყვანილი იმ პროცესების აღწერილობა, რომელსაც იყენებენ ექიმები, რათა განისაზღვროს გამოწვეულია თუ არა ესა თუ ის სიმპტომი ოსტეოართრიტით.

  • გასაუბრება. ექიმი გამოკითხავს პაციენტს ოჯახურ ანამნეზს, თხოვს ახსნას ტკივილის ხასიათი და თუ როგორ მოქმედებს ეს ყოველივე მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ასევე თუ რა უამებს ან უმწვავებს ტკივილს. სიმპტომების აღწერა მნიშვნელოვანია შემდგომი დიაგნოზირების და მკურნალობისთვის.
  • გასინჯვა. მოხდება მუხლის სახსრის ვიზუალური შეფასება, შესიების ნიშნების, მტკივნეული წერტილების, მოძრაობის შეზღუდვის და მოძრაობის ამპლიტუდის განსაზღვრა. გასინჯვა ასევე ჩატარდება მუხლის სახსრის ზევით და ქვევით, რადგან მუხლში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მისგან მოშორებით (მაგალითად ხერხემლის წელის სეგმენტში არსებული პათოლოგიები შეიძლება გახდეს მუხლის ტკივილის მიზეზი)
  • რენტგენოგრაფია. რენტგენოგრაფია განსაზღვრავს მუხლის სასახსრე ნაპრალის შემცირებას. ასევე ძვლოვანი წანაზარდების (ოსტეოფირების) არსებობას, რაც იმის ნიშანია რომ ამ გზით ძვლები ცდილობდნენ ხრტილოვანი ქსოვილის განლევის კომპენსირება მოეხდინათ. ამის მიუხედავად რენტგენოლოგიური სურათი შეიძლება ასახავდეს ოსტეოართრიტისთვის დამახასიათებელ სურათს, მაგრამ პაციანტი არ აღნიშნავდეს არავითარ ჩივილებს და პირიქით რენტგენოლოგიურად უმნიშვნელოდ გამოხატული ოსტეოართრიტი ძლიერი ტკივილის მიზეზი გახდეს. აქედან გამომდინარე რენტგენოგრაფია ეს მხოლოდ ერთი ნაწილია რომელიც უნდა იქნას გამოყენებული პაციენტთან გასაუბრებასთან და გასინჯვასთან ერთად რათა მოხდეს ოსტეოართრიტის დიაგნოზის დასმა.
  • მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. ეს კვლევა შეიძლება საჭირო გახდეს მუხლის სახსრის ტკივილის მიზეზის დამატებითი დეტალების გამოსავლენად, როცა მაგალითად დამატებით ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მენისკის, იოგების და მყესების დაზიანება, რადგან მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია მუხლის სახსარში შემავალი რბილი ქსოვილების (იოგები, მყესები და კუნთები) და ძვლოვან-ხრტილოვანი ქსოვლის მდგომარეობას მაღალი სიზუსტით გადმოსცემს.
  • ლაბორატორიული ანალიზები. ოსტეოართრიტის ხარისხის დადგენაში ანალიზები ვერ გვეხმარება, თუმცა საჭიროა რათა ტკივილის სხვა მიზეზების გამორიცხვა მოხდეს, როგორიცაა ინფექცია და პოდაგრა. ლაბორატორიული ანალიზებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის აღება ან მუხლის სახსრის ასპირაცია (სითრის აღება სახსრიდან)

– როგორია მუხლის ოსტეოართრიტის მკურნალობა?
იმ დროს როცა მუხლის ოსტეოართრიტი არის პროგრესირებადი და შეუქცევადი დეგენერაციული პროცესი, ფუნქციონალური გაუმჯობესება და ტკივილის კონტროლი წარმოადგენს მკურნალობის მთავარ მიზანს. ადრეულმა დიაგნოზირებამ და სწორმა მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს შანსი იმისა რომ მუხლის უმტკივნეულო ფუნქციონირება გაგრძელდეს წლობით ან მთელი ცხოვრებაც კი, ამან კი ადამიანს ააცილოს თავიდან გაუსაძლისი ტკივილის განცდა.

მუხლის ოსტეოართრიტის არაქირურგიული მკურნალობა.
ფიზიოთერაპიის და სამკურნალო ვარჯიშების შედეგად კუნთების გამაგრება და გაჭიმვები წარმოადგენს ოსტეოართრიტის მკურნალობის განუყოფელ ნაწილს. ფიზიოთერაპევტის მიერ სწორედ შეფასებული ბიომექანიკური პრობლემები და შესაბამისად შერჩეული ვარჯიშები არის მნიშვნელოვანი, რაც გახდის სახსარს მეტად მობილურს და შეამცირებს ხრტილის განლევას.
ასევე მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა რაც გულისხმობს პასიური ან სახსრისთვის არასასარგებლო ფიზიკური დატვირთვების (ძუნძულით სირბილი) შეცვლას ველოსიპედით სეირნობით და ცურვით, რომლის დროსაც პირდაპირი დატვირთვები სახსარზე ნაკლებად მოდის ვიდრე მაგალითად ძუნძულით სირბილის დროს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პასიური ცხოვრების წესს სჯობია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა.
ფიზიკური აქტივობის წინ თბილი კომპრესები გარკვეულ წილად ამცირებს შებოჭილობის შეგრძნებას სახსარში და აადვილებს ვარჯიშის პროცესს. ასევე ვარჯიშის შემდგომ ყინულის კომპრესები 15-20 წუთის განმავლობაში ხსნის შეშუპებას და ტკივილს. თბილი ან ცივი კომპრესები მიმართულია სიმპტომების დროებით გაუმჯობესებისკენ და არ ემსახურება ტკივილის ძირითადი მიზეზის გამოსწორებას.
წონაში კლება არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა მათთვის ვისაც აწუხებს ჭარბი წონა და ტკივილი სახსრებში. ყოველი ზედმეტი კილოგრამი სამჯერ ზრდის დაწოლას მუხლის სახსარზე, რაც ნიშნავს, ზედემტი 10 კილოგრამი დამატებით ყოველი ნაბიჯის დროს 30 კილოგრამით ზრდის დაწოლას სახსარზე. წონაში კლებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის კლება ან სრულიად გაქრობაც კი და ასევე ოსტეოართრიტის პროგრესირების შენელება.
ორთოპედიული დამხმარე საშუალებები. ფეხსაცმელში ჩასაფენი სპეციალური სუპინატორების გამოყენება, მუხლის ელასტიური სამუხლე (ბრეისი) და სახსრის განტვირთავა ხელჯოხით შეიძლება გახდეს ტკივილის შემსუბუქების მიზეზი.

– როგორია მედიკამენტოზური მკურნალობა და სახსარშიდა ინექციები?
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების გამოყენება შეამცირებს ოსტეოართრიტის სიმპტომებს. ამ მედიაკმენტების გამოყენება აუცილებელია შეთანხმდეს ექიმთან და გათვალისწინებული იქნას ისეთი ფაქტორები როგორიცაა: ცხოვრების წესი, ტკივილის ინტენსივობა, სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება და სხვა.

  • ანალგეზიური საშუალებები ისეთი როგორიცაა აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ამცირებს ტკივილს, მაგრამ არ ამცირებს ანთების სხვა სიმპტომებს.
  • არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

მეტად ეფექტური და მრავალფეროვანია, თუმცა გვერდითი მოვლენების ალბათობაც მაღალია და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ ადამიანებში ვისაც აწუხებს მაღალი არტერიული წნევა და აქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები.

  • ადგილობრივი მოქმედების ანალგეზიური საშუალებები.

ეს პრეპარატები მეტწილად წარმოდგენილია კრემების და გელების სახით, რომლებიც თავისი შემადგენლობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა და არის მეტად უვნებელი.

  • გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი.

გლუკოზამინის სულფატი და ქონდროიტინის სულფატი ბუნებაში გვხვდება ხრტილის შემადგენლობაში. ეს კვებითი დანამატები დაავადების საწყის ეტაპზე იძლევა დადებით ეფექტს.
სახსარშიდა ინექციები
ოსტეოართრიტის სამკურნალოდ ძირითადათ გამოიყენება ორი სახის სახსარშიდა ინექცია: სტეროიდები და ჰიალურონის მჟავა.

  • სტეროიდების მიზანია შეამციროს შეშუპება და ტკივილი სახსარში. თუმცა მათი გამოყენება ასევე საჭიროებს სიფრთხილეს ხანდაზმულ ადამიანებში იმ გვერდითი მოვლენების გამო რომელიც შეიძლება თან ახლდეს ამ ჯგუფის პრეპარატების გამოყენებას.
  • ჰიალურონის მჟავა მიეკუთვნება მეტწილად უვნებელი პრეპარატების რიცხვს. მისი მოქმედება გამოიხატება ტკივილების შემცირებით რომელიც დადებითი ეფექტის შემთხვევაში შეიძლება გაგრძელდეს 6 დან 12 თვემდე. მისი უვნებლობიდან გამომდინარე ის ასევე გამოიყენება პაციანტებში ისეთ შემთხვევაში როდესაც სხვა პრეპარატების გვერდითი მოვლენებისადმი მომატებულია მგრძნობელობა.

– როგორია ქირურგიული მკურნალობა?
თუ მკურნალობის არაქირურგიულმა მეთოდებმა გარკვეული მიზეზების გამო არ გამოიღო სასურველი შედეგი, მაშინ რჩება მკურნალობის გაგრძელების ქირურგიული გზები.

  • მუხლის სახსრის ართროსკოპია, რომლის დროსაც მოხდება ხრტილის თავისუფალი ნაწილების ამოღება.
  • ოსტეოტომია რათა მოხდეს ძვლების გასწორება და ხახუნის შემცირება.
  • მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება როდესაც ხდება მუხლის სახსრის ჩანაცვლება ხელოვნური სახსრით.

და მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი ოსტეოართრიტი და მისი დროული მკურნალობა რჩება ამ დაავადების საუკეთესო გამოსავალი.

ასევე ალადაშვილის კლინიკა გთავაზობთ სპეციალურ აქციას: ტრავმატოლოგიური აქცია 30 ლარად!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

<p>მეიდან ჯგუფი უძრავი ქონების, მართვის და განვითარების კომპანია.</p>

ტეგები

ტეგები
<p>აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი</p>