ქართულ-გერმანული პროექტი. ენდოკრინული ქირურგია. ონკოლოგია.

ქართულ-გერმანული პროექტი. ენდოკრინული ქირურგია. ონკოლოგია.

რომელი ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას მოიცავს ენდოკრინული ქირურგია?

გაინტერესებთ რა სიახლეები დაინერგა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში? რომელი ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების მკურნალობას მოიცავს ენდოკრინული ქირურგია? ღია ქირურგიული და მინი-ინვაზიური მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდებს აერთიანებს ერთობლივი, ქართულ-გერმანული პროექტის ენდოკრინული ქირურგიის მიმართულება ჩვენს კლინიკაში , რომლის მიზანია საერთაშორისო და გერმანული სტანდარტების დამკვიდრება და ქირურგიული სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის.

ამ თემაზე დეტალურად გვესაუბრება ქართულ-გერმანული პროექტის, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი ბ-ნი ბაკურ არაბული.

- ბატონო ბაკურ, რა სიახლეები დაინერგა ერთობლივი, ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ენდოკრინული ქირურგიის მიმართულებით ?
ამ მიმართულებით სიახლეა ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა ევროპული სტანდარტით, ანუ მიკროდისექციური მეთოდის და ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით.
ასევე მცირეინვაზიური ანუ ლაპაროსკოპიული მეთოდით თირკმელზედა ჯირკვლების ოპერაციები, როგორც მუცლის ღრუდან მიდგომით, ასევე რეტროპერიტონეალური სივრციდან.

მიკროდისექციურ ტერმინოლოგიაში იგულისხმება ბინოკულარული ქირურგიული სათვალის (საოპერაციო ველის 2,5 გადიდებით) გამოყენებით ქსოვილების დამზოგველი და სრულყოფილი დისექცია. რაც ავთვისებიანი პროცესის დროს ოპერაციის წარმოების უპირველესი პირობაა. ასევე შებრუნებული ნერვების და პარათიროიდული ჯირკვლების იდენტიფიცირება და მათი ტრავმირების არიდება ან მინიმუმამდე დაყვანა.

ინტროპერაციული ნეირომონიტორინგი ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციების დროს გასული საუკუნის 90 იანი წლების ბოლოდან დაინერგა ევროპის ქვეყნებში, ხოლო ბოლო ათწლეულში მისი გამოყენება უკვე სავალდებულო გახდა.
საქართველოში კი ბოლო 5 წელია, რაც დაიწყო ამ მეთოდის დანერგვა რამდენიმე კლინიკაში და წარმოადგენს მსოფლიო რეკომენდაციას და ოქროს სტანდარტს ენდოკრინულ ქირურგიაში.

- რომელი ენდოკრინული ჯირკვლების ქირურგიული პათოლოგიების დროს ტარდება ოპერაციები კლინიკის ენდოკრინული ქირურგიის განყოფილებაში?
ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი პროცესების დროს, როდესაც უკვე ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
ფ/ ჯირკვლის დიფერენცირებული კიბოს შემთხვევაში, როგორც ადგილობრივად ლოკალიზებული, ისე რთული და გავრცელებული ფორმების დროს (მაგ. ლიმფური კვანძებში მეტასტაზირებით).
პარათიროიდული ჯირკვლების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დროს.
თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონმაპროდუცირებელი ადენომების და მეორადი მეტასტაზური დაზიანებების შემთხვევაში.

- როგორია ჩამოთვლილ დაავადებათა კლინიკური გამოვლინება და მიმდინარეობა?
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ვლინდება მასში როგორც კვანძოვანი წარმონამქნების ფორმირებით, ასევე დიფუზური გადიდებით ტოქსიური და/ან ფუნქციადაქვეითებული ( ჰიპოთიროიდული) ჩიყვების კლინიკური სიმპტომებით.
კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევაში კეთილთვისებიანი კვანძების სიმრავლე და/ან ზომაში მატება იწვევს კისრის კონტურის შეცვლას და პერიოდულ კომპრესიულ სიმპტომებს მოხრჩობის ან ყლაპვის გაძნელებით.
ავთვისებიანი პროცესის შემთხვევაში შეიძლება 5 მმ ზომის უსიმპტომო კვანძმაც კი განიცადოს მეტასტაზირება რეგიონულ ლიმფურ კვანძებში და ეს დაავადება გამოვლინდეს ლიმფადენოპათიით.
ტოქსიურ ჩიყვს და ჰიპოთირეოზს სხვა და სხვა კლინიკური გამოვლინებები აქვს რომელზეც საუბარი ცალკე დისკუსიის საგანია.

- დიაგნოსტირების რომელი მეთოდებია მოწოდებული კონკრეტული დაავადებების დროს?
პირველ ადგილზეა ულტრასონოგრაფიული კვლევა, რასაც შემდეგ ემატება ფ/ჯირკვლის კვანძის წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ციტოლოგიური კვლევით. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ ჩვენ გვყავს გამორჩეული ციტოლოგები, რასაც ადასტურებენ თავად უცხოელი ექსპერტ-სპეციალისტებიც!
ექოსკოპიური და ციტოლოგიური მონაცემებით ავთვისებიანი პროცესის დადგენის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს გულმკერდის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რათა შეფასდეს დაავადების გავრცელება. ეს შერჩევითად ხდება პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების და დაავადების პროგრესირების მიხედვით.
აღსანიშნავია რომ, ბოლო წლებია საქართველოში უკვე ტარდება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ავთვისებიანობის დასადგენი გენური მუტაციების დიაგნოსტიკური კვლევები. ეს კვლევა გამორიცხავს ან ადასტურებს საეჭვო ციტოლოგიურ დიაგნოზს, რაც შემდგომში ოპერაციის ჩაატარება- არ ჩატარების საკითხს წყვეტს.

- რა წესის ქირურგიულ და მინი-ინვაზიურ მეთოდებს გულისხმობს აღნიშნული დაავადებების მკურნალობა?

  • ღია ქირურგიული ოპერაციებიდან ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ცალმხრივი ამოკვეთა, სრული ამოკვეთა, სრული თირეოიდექტომია რეგიონულ ლიმფურ კვანძებთან ერთად.
  • პარათიროიდული ჯირკვლების ადენომების ამოკვეთა.
  • ეს ოპერაციები ტარდება კისრის წინა ზედაპირზე განივი, მცირე ზომის საყელოსებრი განაკვეთით ( ე.წ. კოხერის მეთოდით)
  • მინი ინვაზიური მეთოდებით ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები დაგეგმილია ჩვენს კლინიკაში პროექტის შემდგომ ეტაპზე.
  • თირკმელზედა ჯირკვალზე ოპერაციები კი ტარდება განაკვეთის გარეშე, ლაპარასკოპიული მეთოდით და პრინციპებით.

- რა უპირატესობა აქვს კომპარტმენტზე ორიენტირებული მიკროდისექციის ქირურგიულ მეთოდს, რომელიც გერმანიის, ქ.ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის კათედრაზე შემუშავდა და ფარისებრი ჯირკვლის პირველადი და მეტასტაზური კიბოს ოპერირების შედეგიანი, საიმედო და პაციენტისთვის დამზოგველი მიდგომით გამოირჩევა?
ეს მეთოდი გულისხმობს განივი საყელოსებრი განაკვეთით ( პოსტოპერაციული კოსმეტიკური ეფექტის გათვალისწინებით) ფარისებრი ჯირკვლის როგორც ცენტრალური ზონის -- ანუ ტრაქეის მიმდებარედ, ასევე საძილე და საუღლე ვენების გასწვრივ არსებულ ლიმფურ ჯირკვლებთან მიღწევას, მათ სრულყოფილ მიკროდისექციას ( ზემოთხსენებული ტექნიკით) და ამოკვეთას.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ წინასწარ შეფასებული და დადგენილი მეტასტაზური ლიმფური კვანძების ლოკაციებზე ( ასეთი კი კისერში 7 დონეა) სრულდება მაგისტრალური სისხლძარღვების და ნერვებისგან ლიმფური კვანძების გამოყოფა და ამოკვეთა მიმდებარე ცხიმოვან ქსოვილთან ერთად. ასეთი მიდგომა განაპირობებს როგორც ვიზუალურად სტრუქტურაშეცვლილი ლიმფური კვანძების ამოკვეთას, ასევე მიკრომეტასტაზურად დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთასაც. ( რომელთა დადგენა ვერც ვიზულურად და ვერც ულტრაბგერით ხერხდება).
ამით განპირობებულია ოპერაციის შემდგომი კარგი შედეგი დაავადების რეციდივირების გამორიცხვით.

- რა ფუნქციას ასრულებს ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი ფარ. ჯირკვლის პათოლოგიების ოპერაციების დროს?
ეს მეთოდი გულისხმობს ოპერაციის მსვლელობისას ცდომილი ნერვის ( N. Vagus) უწყვეტ ხოლო ხორხის შებრუნებული ნერვის ( N. laryngeus recurrens ) პერიოდულ მონიტორინგს სპეციალური ელექტროდებით და აპარატით, რათა გამოირიცხოს ამ ნერვის ფუნქციური და ანატომიური დაზიანება. ანუ ხმოვანი იოგების ფუნქციის შენარჩუნება, რომ არ მოხდეს ოპერაციის შემდგომი ხმის ტემბრის შეცვლა ან სუნთქვის გაძნელება.

- მსოფლიოს და გერმანიის რომელ საუნივერსიტეტო კლინიკებში გაქვთ მიღებული გამოცდილება და რომელ საერთაშორისო დონის ექსპერტებთან გიმუშავიათ ?
მაქვს გავლილი პროფესიული სტაჟირებები სან-ანტონიოს სამხედრო ჰოსპიტალში, ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გერმანიის ქ.ესენის და ქ.ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკებში. მქონდა პატივი მემუშავა მსოფლიოს ისეთ აღიარებულ ენდოკრინული ქირურგიის ექსპერტებთან , როგორებიც არიან პროფ. ჰენინგ დრალე და პროფ. ქერშთინ ლორენცი, რომლთანაც სულ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი პროფესიული ვიზიტით გერმანიის ქ. ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკის ოფიციალური მოწვევით. ეს ორი ცნობილი პროფესორი გერმანიის და ევროპის ენდოკრინულ ქირურგების ექსპერტთა საბჭოში შედიან!

- ქართულ- გერმანული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუ არა გერმანელი კოლეგების ვიზიტები და ერთობლივი ოპერაციები კლინიკაში?
ეს პროექტი მოიაზრებს ახლო თანამშრომლობას გერმანელ სპეციალისტებთან. განიხილება და იგეგმება მათი პერიოდული ვიზიტები და ერთობლივი ოპერაციების ჩატარება რთული ქეისების შემთხვევებში.
იგულისხმება ის პაციენტები როგორც ენდოკრინული დაავადებებით, ასევე პანკრეასის, ღვიძლის და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიებით ( სიმსივნეებით), რომელთაც მასშტაბური და რთული ოპერაციები ესაჭიროებათ.

- არის თუ არა ენდოკრინოლოგიური დაავადებების პრევენცია და რას ურჩევთ პაციენტებს, რომლებსაც აღნიშნული ენდოკრინოლოგიური და ქირურგიული პათოლოგიები აქვთ?
პრევენცია ამ დაავადებების მიმართ არ არსებობს. მაგალითად ჯერ კიდევ დაუდგენელია ფ/ ჯირკვლის კიბოს გამომწვევი ფაქტორი თუ არ ჩავთვლით უშუალოდ რადიაციულ ზემოქმედებას. ასევე ფ/ ჯირკვლის კვანძოვანი პათოლოგიები ვლინდება არამარტო ასაკოვან პოპულაციაში.
პერიოდული გეგმიური კვლევების ჩატარება და დროული მიმართვიანობა ექიმ-სპეციალისთან განაპირობებს დაავადების ადრეულ ხანაში დიაგნოსტირებას, რაც პირდაპირპროპორციულია ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობასთან.
ფ/ჯ-ის სიმსივნის სკრინინგის პროგრამა თბილისის მოსახლეობისთვის უფასოა და ვურჩევ ყველამ ჩაიტაროს პროფილაქტიკური კვლევები.

ასევე ხშირად ქართველი პაციენტები არჩევენ საზღვარგარეთ მკურნალობას გარკვეული მოსაზრებების გამო. მომართონ ჩვენს კლინიკას და ამჯერად მათ საშუალება ექნებათ ადგილზე მიიღონ ევროპული სტანდარტი მედიცინაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები