კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

გაინტერესებთ რა არის კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამომწვევი ფაქტორები? როგორია დიაგნოსტირება და მკურნალობა? ამ თემაზე გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ენდოსკოპისტი გიგო სიჭინავა.

– რა არის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება?
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება წყლულების გაჩენით კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე.

– რა არის ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორები?
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. წყლულოვანი დაავადება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ, თუმცა ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუა ხნის, აქტიურ ასაკში ფიქსირდება. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს ბოლო წლებია პირველ ადგილზე Helicobacter pylori დგას. ეს არის ბაქტერია, რომელიც ჩვენს კუჭში ცხოვრობს, რომლის პათოლოგიური შტამების ცხოველმყოფელობას მოყვება ის პროცესი რომლის შედეგადაც ირღვევა კუჭის ან თორმეტგოჯას ლორწოვანის კვება, ვითარდება მისი იშემია, დაწყლულება, როდესაც ეს დეფექტი ლორწქვეშა შრესაც მიაღწევს, ამ სტადიიდან დაავადებას ჰქვია წყლულოვანი დაავადება.
წყლულოვანი დაავადების გაჩენას ასევე ხელს უწყობს სტრესული გარემო, მოუწესრიგებელი კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები როგორიცაა ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება. ასევე მემკვიდრული ფაქტორები. ფართოდ მოხმარებადი ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზით მიღება (როგორებიცაა: ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ ) .

– როგორია ამ დაავადების კლინიკური სურათი?
წყლულოვანი დაავადების კლინიკური სურათი პოლიმორფულია და დამოკიდებულია წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზე, ზომასა და სიღრმეზე, კუჭის წვენის სეკრეციაზე, ასაკზე. ძირითადი სიმპტომებია ტკივილი. ტკივილებს ახასიათებს რითმულობა, კავშირი კვებასთან, პერიოდულობა საკვების მიღებიდან გასულ დროსთან დამოკიდებულებით. წყლულოვანი დაავადებისთვის ძირითადად დამახასიათებელია "მშიერი“ ტკივილები.

"მშიერი" და ღამის ტკივილები ვითარდება საკვების მიღებიდან 3–4 სთ. შემდეგ და ქრება საჭმლის მორიგი მიღების შემდეგ. დამახასიათებელია თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის პილორული ნაწილის წყლულისთვის.
კუჭის ზედა ნაწილის წყლულის დროს ხშირია ატიპიური ტკივილები მკერდის ძვლის უკან და მარცხნივ ირადიაციით მარცხენა ბეჭში, ხერხემლის მკერდის ნაწილში. ტკივილების ლოკალიზაციის და ირადიაციის მრავალფეროვნება შეიძლება გახდეს დიაგნოსტიკური შეცდომების მიზეზი, რადგანაც ანალოგიური ტკივილები ახასიათებს ქრონიკულ ქოლეცისტიტს, სტენოკარდიას, ხერხემლის, მკერდის და წელის ოსტეოქონდროზს.

წყლულოვანი დაავადებისათვის დამახასიათებელია გამწვავებისა და რემისიის ფაზების არსებობა. გამწვავების დროს ტკივილები გრძელდება რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში. რემისია უფრო ხანგრძლივია და შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე წელიც. ხშირად პერიოდულობა სეზონური ხასიათისაა. წყლულის კლინიკური სიმპტომები უფრო გამოხატულია შემოდგომასა და გაზაფხულზე, რაც დაავადების გამწვავების მაუწყებელია.
გულძმარვის სიმპტომი წყლულოვანი დაავადების დროს ხშირია, თუმცა მისი განვითარების მიზეზია გასტროეზოფაგური რეფლუქსები და არა წყლულოვანი დეფექტის არსებობა. ხშირად წყლულოვანი დაავადება მიმდინარეობს ატიპიურად– ტკივილების გარეშე და ჩივილები შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ არასპეციფიკური დისპეპსიური შეგრძნებებით, რომელიც დამახასიათებელია სხვა დაავადებისათვის.

– როგორია დიაგნოსტიკა?
წყლულოვანი დაავადების დიაგნოზის დასმა გულისხმობს: წყლულოვანი დეფექტის აღმოჩენას, H-pylori-ის გამოვლენას და კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევას. წყლულოვანი დაავადების დეფექტის აღმოჩენა შესაძლებელია ენდოსკოპიური კვლევით, რომელიც მთავარ მეთოდად მიიჩნევა .აღნიშნული კვლევა აუცილებელია , როდესაც ეჭვია წყლულოვან დაავადებაზე ან ანთებით პათოლოგიაზე. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ყველაზე უფრო ინფორმაციული მეთოდია და წყლულის აღმოჩენა ხერხდება შემთხვევათა 95–98%–ში. ის იძლევა საშუალებას ვაკონტროლოთ წყლულოვანი დეფექტის შეხორცების პროცესი, ასევე შევაფასოთ კუჭის ლორწოვანი გარსის ჰისტოლოგიური ცვლილებები (ბიოფსიური მასალით) , მალიგნიზაციის გამორიცხვის მიზნით. H-pylori-ს აღმოჩენის მიზნით ენდოსკოპიური გამოკვლევის დროს იღებენ კუჭის ლორწოვანი გარსიდან ბიოპტატებს.

– როგორია მკურნალობა?
წყლულოვანი დაავადების მკურნალობის მიზანია წყლულის შეხორცება, რეციდივის თავიდან აცილება და ტკივილის კონტროლი. ამისთვის საჭიროა Helicobacter pylor-ს დათრგუნვა. მკურნალობა შეიძლება იყოს ფარმაკოლოგიური და ქირურგიული. არსებობს მკურნალობის რამოდენიმე სქემა და დამოკიდებულია იმაზე თუ რა არი წყლულოვანი დაავადების გამომწვევი მიზეზი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ან პროფილაქტიკური გასინჯვისთვის შეგიძლიათ,დაუკავშირდეთკლინიკის ქოლცენტრსნომერზე: (03)2 2 95 80

 

ტეგები

ტეგები