რა მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპიურ კვლევას და რა დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ეს მეთოდი?

რა მნიშვნელობა აქვს ენდოსკოპიურ კვლევას და რა დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ეს მეთოდი?

„ენდოსკოპია“ ბერძნული ენიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით „შიგნით ყურებას“ ნიშნავს.

ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სამედიცინო მეთოდის შესახებ გვესაუბრება ალ. ალადაშვილის კლინიკის ექიმი-ენდოსკოპისტი, ბატონი გიორგი სიჭინავა.

- რა არის ენდოსკოპია?
ენდოსკოპია ოპტიკური ხელსაწყოებით ღრუ და მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდია. ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი სპეციალური ენდოსკოპის მეშვეობით ორგანიზმის შიგნით არსებულ მდგომარეობას ათვალიერებს. ის საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ ამა თუ იმ ორგანოში არსებული დაზიანებები. ენდოსკოპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა (მათ შორის ონკოლოგიური) დაავადებების ადრეული სტადიის გამოვლენაში.

- რომელი ძირითადი ენდოსკოპიური მეთოდებია დანერგილი ალადაშვილის კლინიკაში?
ჩვენს კლინიკაში ენდოსკოპიური კვლევების აპრობირებული და მაღალინფორმაციული მეთოდებია დანერგილი. ესენია: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია. ჩამოთვლილი მეთოდები გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სასუნთქი გზების დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის. ალადაშვილის კლინიკა აღჭურვილია Olympus-ის ფირმის თანამედროვე ციფრული აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა, მაღალი სიზუსტით დაისვას საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის, ასევე სასუნთქი გზების დაავადებების დიაგნოზი (წყლულოვანი, პოლიპური, სიმსივნური). ამასთანავე, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მთელი რიგი ენდოსკოპიური ოპერაციების ჩატარება, როგორც ამბულატორიულად, ისე სტაციონარულად. 

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ თანამედროვე მედიცინაში ენდოსკოპიას მიმართავენ როგორც სადიაგნოსტიკოდ, ასევე კონკრეტული დაავადებების მკურნალობისას. 

- რომელი დაავადებების მკურნალობისას მიმართავენ ენდოსკოპიას?

ენდოსკოპიური მეთოდი გამოიყენება: 

  • წყლულიდან სისხლდენის შესაჩერებლად (ენდოსკოპიური ჰემოსტაზი), 
  • საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირებისას, 
  • ნაღვლის სადინრიდან კენჭის ენდოსკოპიური ამოღებისას (პაპილოსპინქტეროტომია),
  • არასიმსივნური წამონაზარდების (პოლიპების) მოცილებისას 
  • ტრაქეობრონქული ხის სანაციისას
  • უცხო სხეულის ამოღებისას ტრაქეიდან და ბრონქებიდან, ასევე კუჭიდან.

და სხვა დაავადებების მკურნალობისას. 

 

- რას გულისხმობს გასტროსკოპია და როდის მიმართავენ მას?
გასტროსკოპია არის პროცედურა, როდესაც თხელი, მოქნილი მილი შეყავთ პირის ღრუდან საყლაპავი მილის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგნიდან დასათვალიერებლად. ის გამოიყენება ისეთი პრობლემების გამოსაკვლევად, როგორიცაა: 

  • გაძნელებული ყლაპვა, 
  • გულძმარვა,
  • ბოყინი, 
  • გულისრევა, ღებინება
  • ტკივილის, წვისა და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში. 

სწორედ გასტროსკოპიის მეშვეობით ხდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტროეზოფაგური რეფლუქსის, გასტრიტის, ეროზიების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეების დადგენა, საკვლევი ბიოფსიური მასალის აღება. ამასთანავე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მეთოდი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენის შესაჩერებლად.

- რა არის კოლონოსკოპია?
ეს არის სამედიცინო დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც ექიმი-ენდოსკოპისტი სპეციალური ზონდის მეშვეობით ათვალიერებს და აფასებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის მდგომარეობას. კოლონოსკოპია ისეთი დავადებების ვიზუალურად დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის წყლული, პოლიპები, სიმსივნე. გარდა ამისა, კოლონოსკოპიის მეშვეობით შესაძლებელია ბიოფსიის ჩატარება და დაზიანებების მოცილება.

- რას მოიცავს ბრონქოსკოპია?
ბრონქოსკოპია სასუნთქი გზების ინსტრუმენტული კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც ხორციელდება ტრაქეობრონქული ხის დათვალიერება, გამოსაკვლევი მასალის აღება (ბიოფსია), ასევე ბრონქების სანაცია, მკურნალობის მიზნით ნახველის გამათხიერებელი ან ანტიბაქტერიული საშულებების უშუალოდ ბრონქებში შეყვანა, ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზირება, ტრაქეისა და ბრონქებში მოხვედრილი უცხო სხეულების ექსტრაქცია და სხვა. 

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მედიცინის უპირატესობას ბევრწილად სწორედ ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები წარმოადგენს. დაავადების წარმატებული მკურნალობის პირველი და უმთავრესი საფეხური კი მისი ადრეული დიაგნოსტიკაა. ასე რომ, გირჩევთ, ნებისმიერი ჩივილის გაჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართოთ ექიმს.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
 
ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით: 

ტეგები

ტეგები