ზაფხულის ალერგიები

ზაფხულის ალერგიები

ზაფხულში შედარებით აქტუალური ხდება: ალერგიული რინიტი, „მზის ალერგია“, ალერგია მწერის ნაკბენზე.

ალერგია არის ერთგვარი დარღვევა განპირობებული „უვნებელ“ ნივთიერებებზე არანორმალური რეაქციით. იგი წარმოადგენს იმუნური მექანიზმების ანომალიას, რომელსაც თან სდევს საკუთარი ქსოვილების დაზიანება. როგორ ვითარდება ალერგიული რეაქცია და რომელი ალერგიებია ყველაზე აქტუალური ზაფხულის სეზონზე? ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ალ. ადალაშვილის კლინიკის ალერგოლოგი, ქალბატონი თამარ ბარბლიშვილი.

ჩვეულებრივ, იმუნური სისტემა იცავს ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა აგენტებისგან, როგორებიცაა: ბაქტერიები, ვირუსები, მავნე ნივთიერებები ან საკუთარი არაჯანსაღი უჯრედები. ალერგიის დროს იმუნური რეაქცია ვითარდება გარემოში არსებულ ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისთვის ზიანის მომტანი არაა, უვნებელია და შედეგად სახეზე გვაქვს ხოლმე ესა თუ ის კლინიკური სიმპტომატიკა. 

რა იწვევს ალერგიული რეაქციის ჩამოყალიბებას?
ალერგიულ რეაქციას იწვევს ალერგენები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალერგენები არიან ნივთიერებები, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობისათვის უვნებელია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანში იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ალერგენები შეიძლება იყოს: 

  • საყოფაცხოვრებო, 
  • ცხოველური, 
  • მცენარეული, 
  • კვებითი, 
  • წამლისმიერი და ა.შ.

რა სახის ალერგიები არსებობს?
ძირითადად განასხვავებენ ორი ტიპის ალერგიულ რექციებს. პირველი ესაა დაუყოვნებელი ტიპის. ის დაკავშირებულია ანტისხეულებთან სახელად - იმუნოგლობულინიE. ვითარდება სწრაფად 30-60 წუთში ან უფრო მცირე დროში. ასეთი მექანიზმი აქვს, მაგალითად, ანაფილაქსიას, ალერგიულ რინიტს, კვებით ალერგიას.

 ხოლო მეორეა დაყოვნებული ტიპის. იგი დაკავშირებულია გარკვეულ უჯრედებთან (Tლიმფოციტებთან) და ვითარდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 24-48 საათში. ასეთი მექანიზმი საფუძვლად უდევს, მაგალითად, ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს.

რას მოიცავს ზაფხულის ალერგიები?
ზაფხულში შედარებით აქტუალური ხდება: 

  • ალერგიული რინიტი, 
  • „მზის ალერგია“, 
  • ალერგია მწერის ნაკბენზე. 

თუმცა ზაფხულის ალერგიები მეტ-ნაკლებად პირობითი დასახელებაა, ვინაიდან, იმის მიხედვით თუ რა სახის ალერგია აქვს ადამიანს, შეიძლება იყოს სეზონური ხასიათის, შეიძლება გრძელდებოდეს მთელი წლის განმავლობაში ან საერთოდ არ უკავშირდებოდეს დროის ამა თუ იმ მონაკვეთს. 

რამდენად საშიში შეიძლება იყოს ალერგია სიცოცხლისათვის?
ალერგია შეიძლება იყოს საშიში, როდესაც საქმე გვაქვს ანაფილაქსიასთან. ეს არის მწვავე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში, მულტისისტემური სინდრომი, რომელსაც იწვევს სამიზნე უჯრედებიდან (პოხიერი უჯრედები და ბაზოფილები) გამოთავისუფლებული მედიატორების მოხვედრა სისხლის მიმოქცევაში. ანაფილაქსია გამოვლინდება მრავალი სიმპტომით: 

  • ურტიკარია („ჭინჭრის ციება“),
  • კვინკეს შეშუპება, 
  • სიწითლე, 
  • ქავილი, 
  • მსტვინავი ხიხინი, 
  • ქოშინი, 
  • ღებინება, 
  • დიარეა, 
  • კოლაფსი.

ანაფილაქსიის დროს სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემის ობსტრუქცია და კარდიოვასკულური კოლაფსი. შესაბამისად, ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს. 

როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულში ალერგიული რეაქციის განვითარება?
ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია ზაფხულის პერიოდში მოყვავილე ამა თუ იმ მცენარის მტვერზე, უნდა დაიწყონ მკურნალობა ამ პერიოდის დადგომამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, რათა სეზონი გადალახონ მარტივად. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინონ ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილების რეკომენდაციები, ესენია:

  1. მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ, ცხელ ამინდში, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია. უკეთესია სეირნობა წვიმიანი ამინდის შემდეგ.
  2. დახურეთ სახლისა და მანქანის ფანჯრები, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე ჰაერის გამწმენდი აპარატი და მტვერსასრუტი. 
  3. ავეჯის ზედაპირი და ოთახის იატაკი გაწმინდეთ სველი წესით.
  4. არ გააშროთ სარეცხი გარეთ, უმჯობესია ამისთვის გამოიყენოთ საშრობი ოთახი.
  5. სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი.
  6. ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით.

მათ, ვისაც აქვთ „მზის ალერგია“ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. გარეთ გასვლის წინ 15 წუთით ადრე მზისთვის ხილულ ადგილებზე დაიტანონ მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც აქვს მაღალი მზისგან დამცავი ფაქტორი (SPF50), რათა დაცულ იქნას კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  2. თუ გარეთ ყოფნა დიდხანს უწევთ, საჭიროა მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ყოველ 2 საათში ერთხელ.
  3. შეზღუდონ გარეთ ყოფნის დრო 10-დან 16 საათამდე, როდესაც ყველაზე ინტენსიურია მზის ზემოქმედება.
  4. ატარონ მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი, ჩაიცვან ღია ფერის ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი.
  5. მზეზე ყოფნის დროს ყურადღებით უნდა იყვნენ ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ხელს უწყობენ ფოტოალერგიული გამონაყარის განვითარებას. ასეთი მედიკამენტებია: ანტიბიოტიკები, ორალური კონტრაცეპტივები, კარდიოლოგიური და ანტიმიკოზური საშუალებები, შარდმდენები, ტკივილგამაყუჩებლები. 

მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიის მქონე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  1. სახლში ფანჯრებსა და კარებზე გამოიყენეთ დამცავი ბადეები.
  2. მგზავრობისას დახურეთ მანქანის ფანჯრები.
  3. მოერიდეთ ღია ფეხსცმლით ან ფეხშიშველა სიარულს ბალახში.
  4. ჩაიცვით გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი, განსაკუთრებით თუ აპირებთ ტყეში, ყვავილებით ან ბალახებით დაფარულ ადგილზე გასვლას.
  5. არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის ჰიგიენური საშუალებები და სუნამოები.
  6. მოერიდეთ გარეთ კვებას.
  7. მწერთან მიახლოებისას არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები, გაერიდეთ მშვიდად და ფრთხილად.
  8. ნაკბენი არე ჩამოიბანეთ საპნით, დაიდეთ ცივი საფენი 20-30 წუთის განმავლობაში. თუ ნესტრიანმა მწერმა გიკბინათ, პირველ რიგში მოიცილეთ ნესტარი.
  9. ისეთი ნიშნების შემთხვევაში, როგორებიცაა: ნაკბენი არის ზომა 10 სმ და მეტი, ქუთუთოების, ტუჩების ენის შეშუპება, ხმის შეცვლა, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, წნევის ვარდნა, გონების კარგვა, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. 

და ბოლოს, ყველა ალერგიულ ადამიანს ვურჩევ, რომ იყვნენ ყურადღებით. გულისყურით მოეკიდეთ მკურნალობასა და საჭირო რეკომენდაციებს, დროულად მიმართეთ ექიმს,  რათა  მოხდეს სწორი დიაგნოსტირება, შესაბამისი მკურნალობის შერჩევა, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება და მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მოსალოდნელი გართულებები თუ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობები. ნუ გადადებთ თქვენი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას!

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკის ცხელ ხაზს ნომერზე: ( 032 ) 2 95 80 14, 595 41 70 55. ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ–კვირის გარდა ) 10:00 სთ –დან 18:00 სთ –მდე.მის.: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები

აქციები

აქციები