ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე

რა არის ფარისებრი ჯირკვლის კიბო, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობა.

გაინტერესებთ როგორ ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კიბო? რომელია ყველაზე გავრცელებული ფორმა? ამ თემაზე დაწვრილებით გვესაუბრება ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მირანდა მიმინოშვილი.

– როგორ ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კიბო?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში. ფარისებრ ჯირკვალს აქვს პეპელას მსგავსი ფორმა. ის კისრის არეში, ხორხის ქვეშ, ტრაქეის წინ მდებარეობს. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონებს, რომელიც ორგანიზმში არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულის შეკუმშვათა სიხშირეს, არტერიულ წნევას, სხეულის ტემპერატურას, წონას და სხვ.
ფარისებრი ჯირკვლის კიბო ვითარდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები გენეტიკურ ცვლილებას (მუტაციას) განიცდიან. მუტაციის შედეგად უჯრედები
სწრაფად იზრდებიან და მრავლდებიან. ეს უჯრედები კარგავენ სიკვდილის უნარს, რაც დამახასიათებელია ჯანმრთელი/ნორმალური უჯრედებისათვის.
ანომალური უჯრედების რაოდენობის ზრდა და დაგროვება წარმოქმნის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს. სიმსივნურ უჯრედებს შეუძლიათ ახლომდებარე ქსოვილებში შეღწევა და მთელს სხეულში გავრცელება.
მიუხედავად იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო არ არის გავრცელებული დაავადება, უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება შემთხვევათა მატება. ექიმთა მოსაზრებით, აღნიშნული უკავშირდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გამოსავლენად. რაც არ იყო ხელმისაწვდომი ათეულობით წლების უკან.

– რა სიმპტომებით ვლინდება?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო დაავადების ადრეულ ეტაპზე რაიმე სახის გამოვლინებას ან ჩივილებს არ იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს:

  • ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში კანქვეშ გამკვრივებული უბანი ან/და კვანძი, რომელიც შეიგრძნობა ხელით გასინჯვისას
  • ხმის შეცვლა, ხვრინვის მატება
  • ყლაპვის გაძნელება
  • ტკივილი ყელისა და კისრის არეში
  • კისრის ლიმფური კვანძების გადიდება

– როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
თუ თქვენ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან უჩივით რომელიმეს, უნდა ჩაეწეროთ ექიმთან ვიზიტზე. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის კიბო არ არის გავრცელებული დაავადება,თქვენი ექიმი პირველ რიგში შეაფასებს ყველა სხვა მიზეზს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზები არ არის ცნობილი.

– რა ტიპის ფარისებრი ჯირკვლის კიბო არსებობს?
ფარისებრი ჯირკვლის კიბო არის სხვადასხვა ტიპის, რაზეც დამოკიდებულია მკურნალობა და პროგნოზი.

  • ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეტად გავრცელებული ფორმაა, რომელიც ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებში, სადაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა და შენახვა. ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ყველაზე ხშირად ის ვითარდება 30-დან 50 წლამდე ადამიანებში.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულური კიბო, ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულკურ უჯრედებში. ჩვეულებრივ ის გვხვდება 50 წელზე უფროსს ადამიანებში,
  • ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო, ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედებში, სადაც გამოიყოფა ჰორმონი კალციტონინი. სისხლში კალციტონინის დონის მატება შესაძლოა მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს ძალიან ადრეულ სტადიაზე. ზოგიერთი გენეტიკური სინდრომების არსებობა ზრდის ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბოს განვითარების რისკს. თუმცა ეს გენეტიკური კავშირი გვხვდება იშვიათად.
  • ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიური კიბო წარმოადგენს იშვიათ და სწრაფად მზარდ სიმსივნეს, რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას. ფარისებრი ჯირკვლის ანაპლასტიური კიბო ჩვეულებრივ გვხვდება ზრდასრულებში 60 წლის და უფროსებში
  • ფარისებრი ჯირკვლის ლიმფომა, ძალიან იშვიათი დაავადებაა, რომელიც ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის იმუნურ უჯრედებში და ძალინა ჩქარა იზრდება. ფარისებრი ჯირკვლის ლიმფომა ძირითადად გვხვდება ხანდაზმულ ადამიანებში.

– როგორია რისკ ფაქტორები?

  • მდედრობითი სქესი - ფარისებრი ჯირკვლის კიბო გვხვდება უფრო ხშირად ქალებში, ვიდრე მამაკაცებში
  • დიდი დოზით რადიაციის ზემოქმედება თავისა და კისრის არეში, ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ატომურ ელექტროსადგურზე ავარია ან იარაღის გამოცდა.
  • ზოგიერთი გენეტიკური სინდრომების არსებობა მემკვიდრეობით, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ოჯახური მედულარული კიბოს და მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის განვითარების რისკებს ზრდიან.

– როგორია გართულებები?
მკურნალობის მიუხედავად ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივი შესაძლოა განვითარდეს, როდესაც მიკროსკოპული ზომის სიმსივნური უჯრედები გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის გარეთ ოპერაციამდე.

  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივი შესაძლოა გამოვლინდეს კისრის ლიმფურ კვანძებში
  • ოპერაციის დროს დატოვებული ფარისებრი ჯირკვლის მცირე ზომის ქსოვილში
  • სხეულის სხვა ორგანოებში
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივის მკურნალობა შესაძლებელია
  • ექიმმა პაციენტს უნდა მისცეს რეკომენდაცია,რათა პერიოდულად ჩაიტაროს სისხლის ანალიზები და ფარისებრი ჯირკვლის სკანირება, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივის დროულად აღმოჩენისათვის.

– როგორია პროფილაქტიკა?
არ არის საკმარისი მტკიცებულება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზების შესახებ, რის გამოც არ არსებობს მეთოდი ამ დაავადების განვითარების თავიდან აცილებისათვის.

თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ კლინიკის ქოლ ცენტრს ნომერზე: (03)2 2 95 80 14, ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა) 09:30 სთ.-დან 18:00 სთ.-მდე. მისამართი: დიმიტრი უზნაძის 103.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ტეგები

ტეგები